ლენჯერში 13 წლის ბიჭს ისევ ეძებენ

Tbilisi Daily

სვანეთში, სოფელ ლენჯერში დაკარგულ არასრულწლოვანს კვლავ ეძებენ. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები მუშაობენ. პროცესში ვერტმფრენი და 45 მეხანძრე-მაშველია ჩართული. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შეტყობინება 112-ის ცენტრში არასრულწლოვანის დაკარგვის შესახებ 19 ივლისს შევიდა. 13 წლის ილია ფილფანს მეოთხე დღეა ეძებენ. დაკარგულის ოჯახის წევრების ინფორმაციით, ბიჭი სახლიდან 18 ივლისს, 11:00 საათზე გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. ბოლოს ის სოფელ ლენჯერში ნახეს. როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ, ბიჭი ველოსიპედით მეგობრებთან ერთად ხშირად დადიოდა სასეირნოდ, თუმცა ბოლოს მარტო გავიდა სახლიდან. ფილფანების ოჯახი მესტიაში მოსკოვიდან პანდემიის დროს ჩამოვიდა. გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის დ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. #ახალიამბები