გერმანიამ რუს დიპლომატებს ალექსეი ნავალნის მონახულების უფლება არ მისცა
Tbilisi Daily
ოფიციალური მოსკოვის განცხადებით, გერმანიამ რუს დიპლომატებს არ მისცა უფლება, მოინახულონ ალექსეი ნავალნი, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.
როგორც გამოცემა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რუსეთის საელჩოს გერმანიაში, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან უარყოფითი პასუხი მიუვიდა განცხადებაზე, რომლითაც რუსი დიპლომატები ოპოზიციონერის მონახულებაზე თანხმობას ითხოვდნენ.
მოსკოვი გერმანიის საგარეო უწყების ამ გადაწყვეტილებას „რუსეთის დემონიზაციის კამპანიას“ უწოდებს.
ცოტა ხნის წინ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰეიო მაასმა ევროკავშირს მოუწოდა, ალექსეი ნავალნის საქმეზე რუსეთს ახალი სანქციები დაუწესოს.
20 აგვისტოს ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში თვითმფრინავით მგზავრობისას, ალექსეი ნავალნი ცუდად გახდა, რის გამოც თვითმფრინავი ავარიულად, ომსკში დაეშვა, სადაც ნავალნი მოწამვლის სიმპტომებით რეანიმაციაში მოათავსეს. შემდეგ ის საკმურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს, სადაც სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ პოლიტიკოსი „ნოვიჩოკის“ ჯგუფის პრეპარატით მოწამლეს. მოგვიანებით ეს ფრანგმა და შვედმა სპეციალისტებმაც დაადასტურეს. ნავალნი კლინიკიდან 23 სექტემბერს გაეწერა.