ეზუგბაია: პიკური პერიოდები ყოველთვის დაკავშირებული იყო დიდ კლასტერთან, ახლაც ასეა გარდაბნის სახით

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განმარტებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდინფიცირების დადასტურებული შემთხვევების 24-ით მატება მოსალოდნელი იყო, რადგან გაჩნდა გარდაბნის კლასტერი და მიმდინარეობს მოსახლეობის კვლევა: „იმედია ხვალ, ზეგ, მასზეგ ინფიცირებულების რაოდენობა თანდათანობით შემცირდება იმიტომ, რომ ხდება კვლევა, ინფიცირებულების იზოლაცია და კონტაქტების საკარანტინე სივრცეში გადაყვანა. ეს არის  სწორედ ის საფუძველი, რომ ვთქვათ, რომ დინამიკაში მატება ამ კლასტერშიც არ გვექნება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. მისი თქმით, პიკური პერიოდები საქართველოში ყოველთვის რომელიმე დიდი კლასტერის გაჩენასთან იყო დაკავშირებული და ასეა ახლაც: „ჩვენ ეხლა ეგრეთ წოდებული კლასტერი გვაქვს გარდაბნის რაიონის. საკმაოდ დიდი 4 სოფელია. მათში მცხოვრებთა რაოდენობა, როგორც ბატონმა ამირანმა (ამირან გამყრელიძე) მოგახსენათ 7 000-ზე მეტი მოსახლეა. აქედან გამომდინარე ეს მატება შემთხვევების ალბათ მოსალოდნელი იყო იმიტომ,  რომ გაჩნდა ახალი წყარო კოვიდ-19-თან მიმართებაში. ამ მუნიციპალიტეტის კვლევა გაგრძელდება და თუ დაწესებულ რეგულაციებს მოსახლეობა შეასრულებს, მე თქვენ და ყველანი, არა მგონია რომ გასცილდეს ამ ახალ კლასტერს“, - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ. გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა. ეს 31 მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. არსებული სტატისტიკის თანახმად, 24 შემთხვევიდან 7 იმპორტირებულია და სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 5 დაავადებულებთან კონტაქტებია, 10 გარდაბნის მუნიციპალიტეტში ჩატარებული ტესტირებისას გამოვლინდა, 2-ის წყარო კი ჯერჯერობით არ არის ცნობილი და მისი დადგენის მიზნით კვლევა მიმდინარეობს. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 22 ივლისის დილის მონაცემებით 1073-ია. 4-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და 907 შეადგინა.საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 16 ადამიანი. ბოლო დღეებში გარდაბანსა და მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში კორონავირუსით ინფიცირების 20-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა. 22 ივლისის დილის მონაცემებით, ეს რიცხვი 30-ს აღემატება. რამდენიმე შემთხვევაში ინფიცირების პირველწყარო ჯერჯერობით დაუდგენელია. 21 ივლისიდან ამ სოფლებში გაფართოებული ტესტირება დაიწყო.   https://www.radiotavisupleba.ge/a/30740913.html #ახალი_ამბები #twitter