გერმანიის ხელისუფლებამ „ჰეზბოლა“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა
Headline
გერმანიის ხელისუფლებამ, ლიბანის პრო-ირანული ორგანიზაცია „ჰეზბოლას“ საქმიანობა აკრძალა მის ტერიტორიაზე და ის ტერორისტულ სუბიექტად გამოაცხადა (მანამდე მხოლოდ სამხედრო ფრთა იყო აკრძალული). აღნიშნულ ნაბიჯის შეერთებული შტატები და ისრაელი პოზიტიურად შეხვდნენ.
„შინაგან საქმეთა მინისტრის ჰორსთ სიჰოფერის გადაწყვეტილებით შიიტური ტერორისტული ორგანიზაცია „ჰეზბოლას“ საქმიანობა აიკრძალა გერმანიის ტერიტორიაზე“, - განაცხადა შს სამინისტროს სპიკერმა სტივ ალტერმა 30 აპრილს.
აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც გერმანიის პოლიციამ ჩრდილოეთ ვესტფალიის, ბრემენის და დედაქალაქ ბერლინის ტერიტორიებზე სპეცოპერაციები განახორციელა და ორგანიზაციის წევრები დააკავა.
მიღებული ზომების მიხედვით იკრძალება „ჰეზბოლას“ სიმბოლოებისა და საცნობი ნიშნების გამოყენება ნებისმიერი სახის შეკრებებზე, პუბლიკაციებსა თუ მედიის გაშუქების დროს.
ორგანიზაციის კუთვნილი ქონების კონფისკაცია განხორციელდება.
„ჰეზბოლა“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში ჰყავს შეყვანილი შეერთებულ შტატებს, ისრაელს, კანადას, დიდ ბრიტანეთს, ასევე ორგანიზაციებს - არაბთა ლიგასა და სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს.
2019 წელს, გერმანიაში ვიზიტისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა იმედი გამოთქვა, რომ ბრიტანეთის მსგავსად, ოფიციალური ბერლინიც უახლოეს მომავალში აკრძალავდა ხსენებული ორგანიზაციის საქმიანობას მის ტერიტორიაზე.
აშშ-ის ელჩი გერმანიაში რიჩარდ გრენელი მიესალა ოფიციალური ბერლინის გადაწყვეტილებას და ევროკავშირის სხვა ქვეყნებსაც აღნიშნული ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდა.
„გერმანიის გადაწყვეტილება კარგად ასახავს დასავლეთის მიდგომას გლობალურ საფრთხეებთან დაპირისპირებაში. მსგავსი ტიპის ორგანიზაციებს და მათ წევრებს არ უნდა მიეცეთ უფლება ევროპა გამოიყენონ გარკვეულ თავშესაფრად და ხსენებული ტერიტორიიდან მხარდაჭერა გამოუცხადონ ტერორიზმს სირიასა და სრულიად ახლო აღმოსავლეთში“, - განაცხადა გრენელმა.
აშშ-ის მსგავსი განცხადება გააკეთა ისრაელის ხელისუფლებამაც, რომელსაც 2006 წელს საომარი მოქმედებები ჰქონდა „ჰეზბოლასთან“.
„ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ტერორიზმის წინააღმდეგ გლობალურ ბრძოლაში“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა.
პრო-ირანული „ჰეზბოლა“ მნიშვნელოვან მხარდაჭერას უცხადებს ლიბანის პრემიერ-მინისტრ ჰასან დიაბის, რომელიც იანვარში მოვიდა ხელისუფლებაში.
ოფიციალური მონაცემებით, გერმანიის ტერიტორიაზე „ჰეზბოლას“ 1 050 წევრი არის აღრიცხული.
აქვე აღსანიშნავია, რომ აპრილის დასაწყისში, აშშ-ის ხელისუფლებამ $10 მლნ-ის ჯილდო დააწესა ერაყის „ჰეზბოლას“ ლიდერის შეიხ მოჰამად ალ-ქავთარანის ადგილსამყოფელზე ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ. აღნიშნული პიროვნება ლიკვიდირებულ ირანელ გენერალ ყასემ სოლეიმანისთან იყო დაახლოებული. ორგანიზაცია „ჰეზბოლა“ თავის მხრივ არ ცნობს ცალკეული ფრთების არსებობას და როგორც სამხედროს, ასევე პოლიტიკურ ნაწილებს, ერთიან სისტემაში მოიაზრებს.
ლიბანის პრო-ირანული ორგანიზაცია „ჰეზბოლა“ 1982 წელს დაარსდა, ამ სახელმწიფოში მიმდინარე სამოქალაქო ომის დროს.
დღევანდელი მოცემულობით, „ჰეზბოლა“ ლიბანში უმსხვილეს პოლიტიკურ ორგანიზაციად არის წარმოდგენილი და ქვეყნის პარლამენტის 128 ადგილიდან, მოკავშირეებთან ერთად ნახევარი აქვს დაკავებული. ეს ორგანიზაცია სირიის სამოქალაქო ომში მხარს უჭერს ასადის რეჟიმს.
მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
#Germany
#Hezbollah
#Lebanon
#Iran
#USA
#Israel
#terrorism
#headline