ლევან ნიკოლეიშვილი ოპოზიციის ბოიკოტზე: ესაა გზა სახელმწიფოს დანგრევისკენ

Tbilisi Daily

ანალიტიკოსმა ლევან ნიკოლეიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „არენა“ იმ პოლიტიკურ ძალებზე ისაუბრა, რომლებიც არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმას აპირებენ. მისი განცხადებით, რთული გამოსაცნობი არაა, თუ ვის ინტერესებში შეიძლება იყოს საქართველოში სიტუაციის დაძაბვა. „თითქოს, მარტივი სურათია, მაგრამ დღევანდელ ე.წ. „ოპოზიციას“ უფრო შორსმიმავალი გეგმები აქვს. თუ საერთაშორისო ვითარებას და იმას შევხედავთ, რაც მსოფლიოში ხდება, სამხრეთ კავკასიაში ორ ქვეყანას ერთმანეთთან ომი აქვს და ჩვენი ქვეყანა, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ქვეყანაა, რომელსაც საერთაშორისო ასპარეზზე სერიოზული გარღვევები აქვს. დიდი გამოცანა არაა, ვისი ამოცანაა ამ ქვეყნის არევა. ეს ჩვენს მეზობელ ქვეყანას აწყობს. დასავლეთს, საერთაშორისო თანამეგობრობას, ჩვენს პარტნიორებს არათუ ეს არ აწყობთ, პირიქით, ისინი მიესალმებიან ქვეყნის სტაბილურ განვითარებასა და არჩევნების შედეგებს. ისინი, ასე ადვილად, ვერ ამბობენ ტყუილს. რეალური სურათი არის ის, რომ იყო რაღაც დარღვევები, რომლებიც ზეგავლენას ვერ მოახდენენ საბოლოო შედეგზე. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, რომ ჩვენი მეგობრები მოგვიწოდებენ, რომ თუ არჩევნებში მიიღებთ ხმას, პარლამენტში უნდა შეხვიდეთ. აქ საუბარია ორჯერ ორზე. ხარ პოლიტიკური პარტია, მონაწილეობა მიიღე არჩევნებში, მიიღე მანდატი და თქვენ წინაშეა შემდეგი გაკვეთილი ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან, რომ უნდა შეხვიდე პარლამენტში და იქ უნდა იმუშავო, როგორც დეპუტატმა. სასაცილო კი არა, სატირალი მდგომარეობაა. ესაა გზა სახელმწიფოს დანგრევისკენ და ჩვენ, საზოგადოებამ ეს არ უნდა დავუშვათ, რადგან ჩვენ ეს ქვეყანა სხვანაირად გვიყვარს და როგორც ჩანს, ამ ადამიანებს, მათ მთავარ ბატონსა და მბრძანებელს სულ სხვა მიზნები ამოძრავებს“ - განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა. საარჩევნო უბნებზე ხმების 100% დათვლილია. შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ - 48,22%; „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 27,18%; „ევროპული საქართველო“ - 3.79%; „ლელო“ – 3,16%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მათ ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ. საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლება და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო. ოპოზიციის ნაწილი ამ შედეგებს არ ეთანხმება, სადამკვირვებლო მისიის შეფასებებსაც უნდობლობას უცხადებს და საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმას აანონსებს.