"ვფიქრობდი, რომ გიორგის ტრავმა ჰქონდა, ამიტომ ხმამაღლა ვეძახდი" - რას ყვება მოკლული გიორგი შაქარა
Tbilisi Daily
"ტვ პირველმა" გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის დედის, თამარ შალვაშვილის ჩვენება გამოაქვეყნა, რომელიც 11 აგვისტოთი თარიღდება. ჩვენების მიხედვით ირკვევა, რომ დედამ შვილის გაუჩინარების ამბავი გურამ (გური) ამირხანაშვილისგან შეიტყო. მანამდე კი შვილს ბოლოს, ღამის 12:00 საათზე ესაუბრა. ამ დროს მცხეთაში, ნაქირავებ აგარაკზე ჩხუბი უკვე მომხდარი იყო, თუმცა გიორგი შაქარაშვილს ამის თაობაზე არაფერი უთქვამს. დედა ყვება, რომ იმ საბედისწერო დღეს შვილი შინ მძინარე დატოვა, შუადღით კი სოციალური ქსელით ესაუბრა, რა დროსაც გიორგიმ უთხრა, რომ მიდიოდა სალონში თმის შესაჭრელად.
საღამოს დედამ მოიკითხა შვილი, რა დროსაც ამირხანაშვილის ტელეფონზე დარეკა და დაინტერესდა წასულები იყვნენ თუ არა უკვე დაბადების დღეზე, ამირხანაშვილმა უთხრა, რომ გიორგის ელოდა და სულ მალე წავიდოდნენ. ბოლოს კი გიორგის ღამის 12:00 საათზე ესაუბრა. მისი თქმით, შვილს ისევ გური ამირხანაშვილის ტელეფონზე დაურეკა.
"2020 წლის 18 ივნისს, შინიდან გავიდა დილის 11-ის ნახევარზე, გიორგის ეძინა, მას მაინც დავუტოვე თანხა, რადგან ვიცოდი, რომ საღამოს დაბდების დღეზე მიდიოდა. ამის შემდეგ გიორგი აღარ მინახავს...“, - ყვება დედა ჩვენებაში, ის იხსენებს ბოლო საუბარს შვილთან:
"გიორგის ვკითხე, როდის მოვიდოდა შინ, მითხრა, რომ დილით დაბრუნდებოდა... ვუთხარი, რომ სახლის კარს ღიას დავტოვებდი. ამ დროს გიორგი მესაუბრა, ჩვეულებრივად, არანაირი აღელვება არ ეტყობოდა".