ნიკა მელიას ყველა შემზღუდავი ღონისძიება გაუუქმდა, თუმცა 70 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
Tbilisi Daily
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დალი მეტრეველმა პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა; ნიკა მელიას საქალაქო სასამართლომ ყველა შემზღუდავი ღონისძიება გაუუქმა, თუმცა 70 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ბრალდების მხარე მისთვის 100 ათასი ლარის შეფარდებას ითხოვდა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს გირაოს გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა. სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს. ის პროცესს არ დასწრებია.
სასამართლომ მელიას დამატებითი ვალდებულება დააკისრა: მას ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, საქართველოს საზღვრის კვეთაც შეეზღუდა.
სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, მას ელექტროსამაჯურის ტარება აღარ მოუწევს.
ნიკა მელიას 20 ივნისის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული და სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ელექტრონული ზედამხედველობის სამაჯური დაუმაგრეს, თუმცა მან სამაჯური სამაჯური 1-ელ ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, საჯაროდ, მოიხსნა. გენერალურმა პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს დღეს მიმართა.