სააკაშვილი: ამათ უკრაინა მონათმფლობელური საზოგადოება ჰგონიათ
Tbilisi Daily
"ამათ უკრაინა ჰგონიათ ისეთივე მონათმფლობელური საზოგადოება, რომლის ჩამოყალიბებასაც ცდილობენ საქართველოში.
სადაც თურმე ხელისუფლებამ უნდა აკონტროლოს ყველა თავისი მოქალაქის და პიროვნების გამონათქვამები და დასაჯოს თუ რამე არ მოეწონება" - დაწერა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე საქართველოს ძებნილმა ექსპრეზიდენტმა.
"სინამდვილეში იმდენი კომპეტენციაც არ აქვთ საქართველოს საგარეო უწყებაში ესმოდეთ, რომ ჩემი სტატუსი უკრაინაში არ არის საჯარო მოხელის სტატუსი.
მე არა ვარ უკრაინის მთავრობის წევრი და არა ვარ ოფიციალური წარმომადგენელი რომელიმე სხვა თანამდებობის პირის...
მე ვარ ეროვნული რეფორმათა საბჭოს აღმასკომის თავჯდომარე და ამგვარად შემიძლია გამოვხატო აზრი ნებისმიერ თემაზე, როგორც თავისუფალი ქვეყნის თავისუფალ მოქალაქეს",- ასე გაქცეული ექსპრეზიდენტი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა.
დავით ზალკალიანმა დღეს განაცხადა, რომ სააკაშვილის განცხადებების გამო, სადაც ის ამბობს - "არ ვაპირებ მშვიდად ვუყურო საქართველოს განადგურებას, ვემზადებით გამარჯვებისთვის" - საქართველოში უკრაინის ელჩს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარებენ.
"ის განცხადება, რაც ჩვენ მოვისმინეთ არის პირდაპირი ჩარევა უკრაინის მოქალაქის სხვა ქვეყნის საშინაო საქმეებში და პირდაპირ საარჩევნო პროცესში. ამის შესახებ გვექნება საუბარი და ელჩს ჩვენ დავიბარებთ საგარეო საქმეთა სამინისტროში და მოვთხოვთ განმარტებებს"- აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
სააკაშვილი ზალკალიანი
TbilisiDaily