მილიციამ მინსკში ცრემლსადენი გაზით და მასობრივი დაპატიმრებით უპასუხა მშვიდობიან მსვლელობას

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ბელარუსის უსაფრთხოების ძალებმა ჰაერში გამაფრთხილებელი სროლების შემდეგ, პირდაპირ დაიწყეს დემონსტრანტების დაკავება კვირას გამართული საპროტესტო მსვლელობის დროს, რომელშიც რამდენიმე ათეულ ათასი ადამიანი მონაწილეობდა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებისა და ქვეყანაში რეპრესიების შეწყვეტის მოთხოვნით. მინსკის ცენტრში მობილიზებულია სპეციალური საევაკუაციო მანქანები ე.წ. ავტოზაკები, რომელსაც მილიცია იყენებს დაკავებულთა იზოლირების და ტრანსპორტირებისათვის. 1 ნოემბერს გამართული „ტერორის საწინააღმდეგო მარში“ მონაწილეების მინსკის ცენტრალური ქუჩების გავლით ცდილობდნენ მინსკთან ახლომდებარე კურაპატების ტყესთან მისვლას, სადაც აღმოჩენილ იქნა 1930-1940-იან წლებში მასობრივად დახვრეტილი ადამიანების სამარხები. მაგრამ დემონსტრანტებს გზა გადაუკეთა მილიციის კორდონმა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით შეეცადა მათთვის ხელშეშლას. უფლებათდამცველ ცენტრ „ვიასნას“ ცნობით, მილიციამ 1 ნოემბერს დააკავა 70 კაცი. ეს ფაქტი რადიო თავისუფლების ბელარუსულ სამსახურს დაუდასტურეს მილიციის სამმართაველოში. ბელარუსში არ წყდება საპროტესტო აქციები, რაც მოჰყვა 9 აგვისტოს გამართულ არასამართლიან და არადემოკრატიულ საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელზეც გამარჯვებულად გამოცხადდა ალიაქსანდრ ლუკაშენკა. ბელარუსში მილიციამ სულ მცირე 8 ადამიანი დააკავა შაბათის ტრადიციულ ქალთა მარშზე, რომელსაც 31 ოქტომბერს შეუერთდნენ ასევე უნარშეზღუდული პირებიც. ბელარუსის ოპოზიცია აცხადებს, რომ აგვისტოს კენჭისყრის შედეგები გააყალბეს და რომ არჩევნებში ოპოზიციონერმა აქტივისტმა სვიატლანა ციხანოუსკაიამ გაიმარჯვა. მრავალკვირიანი საპროტესტო გამოსვლების განმავლობაში 12 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს, ასობით აწამეს, რამდენიმე დაიღუპა. ევროკავშირი და აშშ ლუკაშენკას არ ცნობენ ლეგიტიმურ პრეზიდენტად. https://www.radiotavisupleba.ge/a/30924271.html #ახალი_ამბები #twitter