ბათუმში ქართულ-ამერიკული აკადემია გაიხსნება
Batumi Daily
ბათუმში ქართულ-ამერიკული აკადემიის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.
სიმბოლური კაფსულა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან, აკადემიის და კომპანია ანაგის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ჩააგდო.
"ბოლო ერთი თვის განმავლობაში საფუძველი ჩავუყარეთ კავკასიის უნივერსიტეტის მშენებლობასაც. დღეს გამორჩეული დღეა, ვინაიდან საფუძველი ჩაეყარა საერთაშორისო ქართულ-ამერიკული აკადემიის მშენებლობას, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენს ქალაქში, რეგიონში ყველას ჰქონდეს ხელმისაწვდომობა ხარისხიან განათლებაზე, როგორც სკოლამდელი, ასევე წინა საუნივერსიტეტო პროგრამების თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოსწავლეები, ჩვენი ახალგაზრდები იმ ხარისხის მიხედვით იღებდნენ განათლებას, რაც მათ გახდის კონკურენტუნარიანს როგორც ქვეყნის, ასევე საერთაშორისო და გლობალურ ბაზრებზე. განსაკუთრებით მახარებს კერძო სექტყორის აქტიურობა, მათი დაინტერესება საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურით, რაც ასევე მნიშვნელოვანია. ბათუმი ვითარდება არა მხოლოდ სამშენებლო ტურისტული მიმართულებით, არამედ განათლებასაც დიდი ყურადღება და რესურსი ეთმობა“ - განაცხადა თორნიკე რიჯვაძემ.
უწყების ცნობით, ქართულ-ამერიკული აკადემია აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტების აუდიტორიებით, სპორტდარბაზებით, კაფეტერიებითა და ლაბორატორიებით. განხორციელდება 10 მილიონი ლარის ინვესტიცია. აკადემია 800-მდე მოსწავლეს მიიღებს და მათ უმაღლესი ხარისხის ეროვნულ და ამერიკულ განათლებას შესთავაზებს.
აღნიშნულ პროექტს სკოლა "პროგრესი“ შპს „ანაგი განათლებასთან“ ერთად განახორციელებს.
აკადემიას ასევე ექნება ამერიკული საატესტატო-სადიპლომო უმაღლესი სკოლა მათთვის, ვისაც სურს ამერიკული საერთაშორისო ატესტატის აღება და სწავლის გაგრძელება საერთაშორისო კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში.
პროგრამა აკრედიტირებულია ამერიკის სააკრედიტაციო სააგენტოს "AdvancED"-ის და "უმაღლესი სასწავლებლების საბჭოს" მიერ.
პროექტი საბოლოოდ 2021 წელს გაიხსნება.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში