საზღვრის კვეთის რეჟიმი შემსუბუქდა

Tbilisi Daily

2021 წლის 1-ლი თებერვლიდან საქართველოს რეგულარულ საერთაშორისო ფრენებზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა და საჰაერო საზღვრის კვეთის რეჟიმი შემსუბუქდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთვრობა სოციალურ ქსელში ავრცელებს. ინფორმაციიდან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეებს: ექნებათ არჩევანის უფლება, შემოვიდნენ ქვეყანაში PCR-ტესტის ნეგატიური პასუხით და გადავიდნენ 8-დღიან თვითიზოლაციაში - ან, თვითიზოლაციის ნაცვლად, მესამე დღეს საკუთარი ხარჯით კიდევ ერთი PCR-ტესტი ჩაიტარონ, რა შემთხვევაშიც თვითიზოლაციიდან თავისუფლდებიან. ხოლო, საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც საჰაერო საზღვრით შემოსვლისას თან არ ექნებათ ნეგატიური PCR-ტესტი, დღეს მოქმედი 12-დღიანი თვითიზოლაციის ვადა 8 დღემდე მცირდება. უცხოეთის მოქალაქეები: ვიზიტორები ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების, რაც ორ სრულ დოზას გულისხმობს, დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში, საქართველოში უპირობოდ შემოსვლას შეძლებენ. თვითიზოლაციის ვალდებულება უქმდება არავაქცინირებული ვიზიტორებისთვის, რომლებიც არიან ევროკავშირის, ისრაელის, შვეიცარიის, ნორვეგიის, აშშ-ის, საუდის არაბეთის, კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ბაჰრეინის მოქალაქეები ან რეზიდენტები. აღნიშნული ქვეყნებიდან საქართველოში, მათ შორის ტრანზიტულად, შემოსვლის შემთხვევაში მოქალაქე ან რეზიდენტმა ვიზიტორებმა უნდა წარადგინონ 72-საათიანი ვალიდურობის მქონე PCR-ტესტის ნეგატიური პასუხი და ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ, მესამე დღეს, საკუთარი სახსრებით სავალდებულოდ ჩაიტარონ PCR-ტესტი მათივე ინფორმაციით, ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე მოქმედი რეჟიმი შენარჩუნდება სახმელეთო საზღვრებთან მიმართებით.