ირანი საემიროებსა და ისრაელს შორის მიღწეულ შეთანხმებას „მოღალატეობრივს“ უწოდებს

Interworld

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს 6 სექტემბრის განცხადებით, არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა (UAE) და ისრაელს, ირანის წინააღმდეგ ალიანსის შექმნა შეუძლიათ, რომელიც ახლო აღმოსავლეთის რეგიონისა და ამერიკული ტერიტორიების დაცვას უზრუნველყოფს. პომპეოს თქმით ორივე ზემოხსენებული სახელმწიფო ოფიციალურ თეირანს, როგორც დიდ საფრთხეს აღიქვამს, შესაბამისად მათ გამოძებნეს კავშირის დამყარების გზები, რომელსაც კოალიციად გარდაქმნის პოტენციალი გააჩნია. საპასუხოდ, ირანის უზენაესი სულიერი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის განცხადებით, ოფიციალურ თელ-ავივსა და აბუ დაბის შორის დადებული შეთანხმება, საემიროების მხრიდან გადადგმული „მოღალატეობრივი ნაბიჯია“, რომელიც დიდხანს არ გაგრძელდება. ხამენეის თქმით, აბუ დაბიმ ისლამური სამყაროს, არაბული ერების, რეგიონის ქვეყნებისა და პალესტინის საწინააღმდეგო ქმედება განახორციელა, რომლის დროს „კარი გაუღეს სიონისტებს“ და უგულებელყვეს პალესტინის უზურპაციის საკითხი. ოფიციალური ვაშინგტონის შუამდგომლობით დადებული შეთანხმება საემიროებსა და ისრაელს შორის 13 აგვისტოს გახდა ცნობილი. არაბთა გაერთიანებული საემიროების პოზიციით, მათ მხარი დაუჭირეს შეთანხმებას, როგორც ბერკეტს, რომელიც აიძულებს თელ-ავივს უარი თქვას ოკუპირებული „დასავლეთ სანაპიროს“ ანექსირებაზე. მისი ოპონენტები (ძირითადად ირანი, თურქეთი და პალესტინა) კი აღნიშნულში ვერანაირი შედეგის მიღწევას ხედავენ. თავის მხრივ, ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ უარყო ის მოსაზრება, რომ შემდგარი გარიგება ანექსიის საკითხს დღისწესრიგიდან სრულად ამოიღებს, არამედ ეს ქმედება მხოლოდ დროებით შეაფერხებს მას. „ისტორიული შეთანხმების“ მიღწევის შემდეგ, საემიროებიც და ისრაელიც ეკონომიკური სარგებლის მიღებას ელიან. ამ არაბული სახელმწიფოს ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ იგეგმება თანამშრომლობა თავდაცვის, მედიცინის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია სხვა არაბული ქვეყნების (ომანი, ბაჰრეინი, სუდანი) დაახლოებასაც ცდილობს ისრაელთან, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #Israel #UAE #Iran #Khamenei #Pompeo #USA #interworld ______________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com