რა ბედი ელით ბაღებს, სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს აჭარაში

Batumi Daily

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, 12 ოქტომბერს აჭარის გარდა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე საბავშვო ბაღები ფუნქციონირებას დაიწყებენ. აქამდე არსებული ცნობით ქვეყნის მასშტაბით ბაღების ფუნქციონირება პირველ ოქტომბერს უნდა აღდგენილიყო. რაც შეეხება სკოლებს - პირველ ოქტომბერს, ყველა ქალაქში გარდა ბათუმისა და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებისა, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები საკლასო ოთახებში გააგრძელებენ სწავლას. „პირველ ოქტომბერს იმ სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობდა, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები ბრუნდებიან საკლასო ოთახებში. რასაკვირველია ეს არ ეხება აჭარას" - განაცხალა ჩხენკელმა. მინისტრის თქმით, მშობლებს შეეძლებათ აირჩიონ თუ როგორ გააგრძელებენ მათი შვილები სასწავლო პროცესს. "თუ მოსწავლეების მშობლები გადაწყვეტენ, რომ ურჩევნიათ, მათმა შვილებმა სასწავლო პროცესი გააგრძელონ დისტანციური ფორმით, ეს იქნება სრულად უზრუნველყოფილი". ​საქართველოს განათლების მინისტრის განცხადებით, 19 ოქტომბრიდან განახლდება სააუდიტორიო სწავლებები უმაღლეს სასწავლებლებშიც, გარდა აჭარისა. „19 ოქტომბრიდან უნივერისტეტები და პროფესიული სასწავლებლები უკვე არადისტანციურად, უშუალოდ აუდიტორიებში განაახლებენ სწავლასა და მუშაობას. მინდა, კიდევ ერთხელ ვთხოვო საზოგადოებას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ ზედმიწევნით დაიცვას ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და ჩვენს ბავშვებს, სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებს, მივცეთ შესაძლებლობა, რომ საკლასო ოთახებში და აუდიტორიებში გააგრძელონ სწავლა" - თქვა ბრიფინგზე განათლების მინისტრმა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #batumidaily #ახალიამბებიაჭარაში #აჭარა #ბათუმი #batumi