ბაიდენი თანამემამულეებს მოუწოდებს, გააძლიერონ კორონავირუსთან ბრძოლა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ამერიკელებს მოუწოდა, გააორმაგონ ძალისხმევა კორონავირუსთან ბრძოლაში. ბაიდენმა თავის მიმართვაში ერისადმი მადლიერების დღესთან დაკავშირებით მოუწოდა ოჯახებს, თავი შეიკავონ შეკრებებისგან, როგორც ეს ხდება ხოლმე ამ საზეიმო დღეს.
ბაიდენმა თქვა, რომ „ქვეყანა დაიღალა ბრძოლით“, მაგრამ ამერიკელებს უნდა ახსოვდეთ, რომ „ბრძოლა მიმდინარეობს ვირუსთან, და არა ერთმანეთთან“.
ჯანდაცვის ექსპერტები აფრთხილებენ ხალხს, რომ დიდი საოჯახო თავყრილობები ამ დღეს, ასევე მოგზაურობა შეკრებებში მონაწილეობის მიზნით, ხელს შეუწყობს კორონავირუსის გავრცელებას.
აშშ-ში კოვიდ-19-ის ახალი აფეთქებაა. 25 ნოემბერს 172 ათასი ახალი შემთხვევა აღინუსხა. სარეკორდოა ასევე საავადმყოფოებში კოვიდით ინფიცირებული პირების რაოდენობა, მან 90 ათასს მიაღწია. ბაიდენმა გაიმეორა, რომ ის განახორციელებს გადაუდებელი ზომების მიღების გეგმას, როცა პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს 20 იანვარს. მის თქმით, რათა მისმა გეგმამ იმუშაოს, საჭირო იქნება, რომ ამერიკელებმა საკუთარი უსაფრთხოებისთვის იმოქმედონ.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30970057.html
#ახალი_ამბები
#twitter