სუბარი: გუშინ ტესტირება ჩაუტარდა 430 ადამიანს, დღეს ეს რაოდენობა გაიზრდება
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
კორონავირუსზე მოსახლეობის ტესტირებას დღეს მესტიის მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგების 12 ჯგუფი ჩაატარებს. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა მიაწოდა. მისი თქმით, გუშინ მთლიანობაში დაახლოებით 420-430 ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება, დღეს კი ამ რაოდენობის გაზრდაა დაგეგმილი:
„შეირჩა 3 მთავარი ლოკაცია, სავარაუდოდ ყველაზე დაზიანებული ადგილები რომლებიც არის-ეს არის ლენჯერი, დაბა მესტია, სოფელი წვირმი და მულახი. ამოცანა გვაქვს, რომ დღეს ლენჯერი უნდა ამოვწუროთ, როგორც მთავარი წყარო საიდანაც დაიწყო გავრცელება და ვფიქრობთ, რომ ამას ჩვენ მოვახერხებთ დღის განმავლობაში“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მესტიის მუნიციპალიტეტი გუშინ, 10 აგვისტოს მას შემდეგ ჩაკეტეს, რაც ცნობილი გახდა, რომ 24 საათში კორონავირუსი 16 პირს დაუდასტურდა.
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო მესტიაში შესვლა და გასვლა აიკრძალება. გარდა მუნიციპალიტეტის ჩაკეტვისა, აკრძალულია დაბა მესტიასა და სოფლებს შორის მიმოსვლაც.
მუნიციპალიტეტში შესვლასა და გასვლას პოლიცია გააკონტროლებს.
მესტიის მუნიციპალიტეტის ჩაკეტვის შემდეგ იქ ჩასული 518 ტურისტი საკარანტინე სივრცეებში გადაიყვანეს. მათგან 343 ადგილობრივ სასტუმროშია, 171 კი აჭარის საკარანტინე სივრცეებში განათავსეს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30777696.html
#ახალი_ამბები
#twitter