ახმეტის, ჩოხატაურისა და გორის ზოგ სკოლაში 1-ელ ოქტომბრამდე სწავლა დისტანციურად გაგრძელდება
Tbilisi Daily
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდსა და ჩახაკაურასთან, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისში სწავლა, 1-ელ ოქტომბრამდე, დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, COVID-19-ის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა აქტიური მონიტორინგის მიზნით, ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფელ მატანთან შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების ორგანიზებით პოლიციის სპეციალური ინფრასტრუქტურა მოეწყო და საკონტროლო პუნქტები ამოქმედდა.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 2392 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1 369-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.