ქალი მემკვიდრეები - აინურა ალიევას ბლოგპოსტი
Marneuli Daily
აუტანელი ცხოვრება აქვს, ქმარი ცუდია, მოძალადეა, მაგრამ ოჯახს ხომ ვერ დაანგრევს: შვილები ჰყავს, თან სად დაბრუნდება შვილებთან ერთად, მამის სახლში უკვე ძმა ცხოვრობს...
ეს წინადადება თითქმის ყველას გვესმის ძალიან ხშირად. რამდენი ქალი ცხოვრობს ჩვენ გარშემო, რომელიც ასეთ მდგომარეობას ითმენს და აგრძელებს ცხოვრებას... ხშირ შემთხვევბში, ამის მიზეზი ისაა, რომ გოგოს დასაბრუნებელი ადგილი, სახლი არ აქვს.
რატომღაც, წესად არის მიღებული: გოგო თუ გათხოვდა, ე. ი. მას აღარ აქვს დაბრუნების უფლება, ოჯახის სახლი და ქონება კი ძმას ეკუთვნის. კანონის მიხედვით, გოგოც და ბიჭიც მემკვიდრეები არიან, მაგრამ გოგოს გათხოვების შემდეგ იშვიათად ხვდება რამე მშობლების ქონებიდან. რამდენადაც რთული ცხოვრება არ უნდა ჰქონდეს, მაინც ვერ ბრუნდება, იმიტომ, რომ მას არავინ მიიღებს. ამიტომ, ის გოგოები, რომლებიც რთულ მდგომარეობაში არიან, შვილებს მარტონი უვლიან ან მოძალადე ქმარი ჰყავთ, უმეტეს შემთხვევებში ვერსად მიდიან და ოჯახშიც უკან, შვილებთან ერთად, ვერ ბრუნდებიან. ის სახლი უკვე ითვლება მისი ძმის სახლად. აქედან გამომდინარე ისევ მივდივართ განათლების მიღების თემაზე. ბიჭზე მეტად გოგომ უნდა ისწავლოს და დაეუფლოს რამე პროფესიას. თუ მას შეხვდა რთული ცხოვრება, ამ შემთხვევაში მარტო ბავშვების გაზრდაზე იმუშავებს და ბავშვებს მაინც მოუვლის. გოგო რომ თხოვდება, თვითონაც იცის ეს წესი, რომ ეს უკვე ძმის სახლია და უნდა დატოვოს ის ადგილი, სადაც გაიზარდა. იშვიათობაა თუ სადმე გავიგებთ: გოგომ ოჯახში მოითხოვა თავისი წილი. ამ წესს თვით ქალებიც იზიარებენ.
შვილი - შვილია! არ აქვს მნიშვნელობა, ბიჭია ის, თუ გოგოა. ნებისმიერ შვილს აქვს უფლება, თავისი წილი მოითხოვოს კანონით. წესები თუ დაუშვებენ ამას, ეს უკვე თვით ადამიანების საქმეა...
წყარო : ფანჯარა