მეოთხეკლასელი ბავშვი სკოლაში არ შეუშვეს

Zugdidi Daily

„ჩემი შვილი ჩემთან ისვენებდა ბათუმში ერთი კვირით, მარტვილის რაიონის სოფელ დიდი ჭყონის პირველ საჯარო სკოლაში სწავლობს. მივიდა დღეს სკოლაში და უკან გამოაბრუნეს, ერთ კვირაში მოდი, ბათუმში ხარ ნამყოფიო – უთხრეს. გამოპრანჭული წავიდა, ყვავილებით. თვეები ელოდა კლასელებთან შეხვედრას, ძალიან მოწყენილი დაბრუნდა“, – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბრისას ირაკლი კუკანია. მან ამის შესახებ დღეს ფეისბუქზეც დაწერა. ბათუმის ბულვარში განთავსებულ კარავში რამდენიმე დღის განმავლობაში ტესტირება უფასო და ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო. კითხვაზე, თუ რატომ არ გაუკეთა ირაკლი კუკანიამ შვილს ტესტი სკოლაში წაყვანამდე, მან გვიპასუხა, რომ „არანაირი მითითება არ ყოფილა, თუ ბათუმში ნამყოფებისთვის აუცილებელი იყო ტესტირება. ბავშვს არც ვირუსის რაიმე სიმპტომები ჰქონია” - ვლითხულობთ "ბათუმელების" საინფორმაციო გვერდზე. სოფელ დიდი ჭყონის პირველი სკოლის დირექტორი ამბობს, რომ მეოთხეკლასელი მოსწავლე მართლაც ამ მოტივით გაუშვეს დღეს სახლში. სკოლის დირექტორის, დავით ნაჭყებიას თქმით, ამ სკოლაში 140 ბავშვი სწავლობს და ვერ წავიდოდნენ თუნდაც მინიმალურ რისკზე. „მართალია, ბავშვის ინტერესი ყველაფერზე მაღლა დგას და ძალიან განიცადა, რომ გავუშვით, მაგრამ ასე მოხდა. მთელმა სკოლამ გაიგო, რომ ბავშვი 2 დღის წინ ბათუმში იყო და უხერხულობას გამოიწვევდა სკოლაში. შეიძლება სულ არ ჰქონდა ეს ვირუსი ბავშვს, მაგრამ მინიმალური რისკიც თუ არსებობს, რატომ გავრისკოთ. დამრიგებელი და სასწავლო ნაწილი მოვიდა დღეს და მითხრეს, რომ რამდენიმე დღის წინ იყო ბათუმში ბავშვი, გადავწყვიტე ერთი კვირით წასულიყო სახლში და მერე მოსულიყო სკოლაში. განათლების და ჯანდაცვის სამინისტროს აქვს რეკომენდაცია 20 აგვისტოს შემდეგ ბათუმში ნამყოფი მასწავლებლებისთვის: ისინი უნდა დაიტესტონ და ორკვირიან კარანტინში უნდა იყვნენ, მაგრამ სამინისტროებს არ აქვთ რეკომენდაცია ბათუმში ნამყოფ ბავშვებთან რას ვშვრებით. ეს გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მივიღე, სხვა ბავშვების, სკოლის უსაფრთხოებისთვის“, – ამბობს სკოლის დირექტორი. 11 სექტემბერს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დაახლოებით 2100 მასწავლებელი იყო ნამყოფი აჭარის ზღვის სანაპიროზე და ისინი დაიტესტებოდნენ, თუმცა არ გაკეთებულა განცხადება, რა ღონისძიებები უნდა გატარებულიყო იმ მოსწავლეებთან დაკავშირებით, რომლებიც აჭარაში ისვენებდნენ. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. წყარო: ბათუმელები #სკოლა #მარტვილი #სამეგრელო #კორონავირუსი #zugdididaily