ევროკავშირმა დაამტკიცა AstraZeneca-ის ვაქცინა, დააწესა კონტროლი ვაქცინების ექსპორტზე
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ევროკავშირმა ყველა ზრდასრული ადამიანისთვის დაამტკიცა კორონავირუსის საწინააღმდეგო Oxford-AstraZeneca-ის ვაქცინა, მსოფლიოში მზარდი შეშფოთების ფონზე, რომ არსებული ვაქცინები არ იქნება სათანადოდ ეფექტიანი ვირუსის ახალ ვერსიებთან მიმართებით.
ევროპის სამედიცინო სააგენტომ (EMA) 29 იანვარს გამოაცხადა, რომ AstraZeneca-ის ვაქცინამ ცდებში 60 პროცენტამდე ეფექტიანობა აჩვენა. ეს პრეპარატი მესამეა, რომელსაც EMA-მა მწვანე შუქი აუნთო, Pfizer/BioNTech-ის და Moderna-ს პრეპარატების შემდეგ.
"მოველი, რომ კომპანია შეთანხმებისამებრ 400 მილიონ დოზას მოგვაწვდის. ჩვენ კვლავაც ყველაფერს გავაკეთებთ ვაქცინების მოსაპოვებლად ევროპელებისთვის, ჩვენი მეზობლებისთვის და მსოფლიოში ჩვენი პარტნიორებისთვის" - წერს ევროპის კომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ტვიტერით.
ვაქცინების არასაკმარისი მიწოდების პრობლემის გამო, ევროკავშირმა 29 იანვარს საკამათო ნაბიჯი გადადგა და დროებით, მარტის ბოლომდე კონტროლი დააწესა ვაქცინების ექსპორტზე ევროკავშირს გარეთ. ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების მთავრობებს საშუალებას აძლევს უარი განაცხადონ ექსპორტის განხორციელებზე, თუკი ჩათვლიან, რომ მოცემულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ ვერ შეასრულა მიწოდების შესახებ ევროკავშირთან ნაკისრი ვალდებულება.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31076765.html
#ახალი_ამბები
#twitter