აფხაზეთის მთავრობა საკუთარ ბრძანებას “გაუგებრობას” უწოდებს-100ათასი გოგა ხაინდრავას ახალი ფილმისთვის
Sokhumi Daily
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა რამდენიმე დღის წინ, 13 აგვისტოს გოგა ხაინდრავას კომპანიისთვის "კინო და ღვინო" ფილმის გადაღების შესახებ ბრძანება გამოსცა. ამ გადაწყვეტილებით ფილმისთვის "სიმართლე აფხაზეთზე" ბიუჯეტიდან 100 ათასი ლარია გათვალისწინებული.
ხაინდრავა აცხადებს, რომ მისი ახალი ფილმი, რომელსაც ხელისუფლება უკვეთავს, აფხაზეთში რუსული პროპაგანდის საპირწონე უნდა გახდეს.
მისი თქმით, რუსულმა პროპაგანდამ რეალობა დაამახინჯა და ცდილობს ზიანი მიაყენოს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობას. ფილმის მიზანი კი მუჰაჯირობის შესახებ რეალური ფაქტების მიწოდებაა.
"სამწუხაროდ, იქ წამლავენ ხალხს და ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ამას უნდა დავუპირისპიროთ სიმართლის პროპაგანდა", - თქვა ხაინდრავამ.
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის ბრძანებით ირკვევა, რომ ავტონომიურმა რესპუბლიკამ შესყიდვების სააგენტოს ნებართვის მისაღებად უკვე მიმართა და დოკუმენტაციას ხაინდრავას კომპანიისგან მიღებული ინვოისის ასლიც დაურთო.
თუმცა თავად აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახურში ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ამ პროექტს და საჯაროდ გამოქვეყნებულ შესაბამის განკარგულებას „გაუგებრობა” უწოდეს და განაცხადეს, რომ წელს გოგა ხაინდრავას კომპანია ფილმის გადაღების შეკვეთას არ მიიღებს.
„თუ მსგავსი მოთხოვნა არსებობდა, ეს მოთხოვნა გაუქმდება და 2020 წელს მსგავსი შესყიდვა არ განხორციელდება... ჰქონდა გაუგებრობას ადგილი“, - განმარტავენ უწყებაში.
თავად ხაინდრავა ამბობს, რომ პროექტზე პასუხისმგებელ პირებს მთავრობიდან მისი წარმომადგენელი გასულ კვირას ესაუბრა და შეთანხმდნენ, რომ ფილმის გადასაღებად ფული ბიუჯეტიდან გამოიყოფოდა.
რეჟისორ გოგა ხაინდრავასა და მის კომპანიას არაერთი ფილმი აქვთ გადაღებული. მათ შორის ერთ-ერთი, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ტელევიზიის დაკვეთით. ფილმს "ჰეროკრატია" ერქვა, იდეა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნოდა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდს შეეხებოდა.
წყარო: რადიო თავისუფლება
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#აფხაზეთი #სოხუმი #sokhumi #sokhumidaily #აფხაზეთისაქართველოა #ახალიამბები #აფხაზეთისამაჩაბლო საქართველოა #ფილმი #გოგა #ხაინდრავა