„Tagesspiegel-ი:“ ბალტიის ზღვაში გაზსადენების დაზიანება შეიძლება დივერსიის შედეგი იყოს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

გაზსადენებზე, რომლებიც „ჩრდილოეთის ნაკადი 1-სა და 2-ის“ სახელით არიან ცნობილი, წნევის დაცემის მიზეზი შეიძლება იყოს მიზანმიმართული თავდასხმის შედეგად დაზიანება, როგორიცაა დივერსია. ამის შესახებ გერმანული გაზეთი „Tagesspiegel-ი“ გერმანიის მთავრობის წყაროზე დაყრდნობით იუწყება. „წარმოუდგენელია სცენარი, რომელშიც ეს არ შეიცავს მიზანმიმართულ თავდასხმას“, - თქვა წყარომ. ვერსიის დასადასტურებლად საჭიროა წყალქვეშა ნავებისა და მყვინთავების დახმარებით ზღვის ფსკერის შესწავლა. დანიის ხელისუფლება აფრთხილებს გემებს, გვერდი აუარონ ბორნჰოლმის კუნძულს მას შემდეგ, რაც ღამით რუსულ გაზსადენ "ჩრდილოეთის ნაკადი 2-იდან" ბუნებრივმა აირმა გაჟონა. სააგენტო Reuters-ის თანახმად, ავარიის მიზეზების გასარკვევად გერმანიის მთავრობა დანიის ხელისუფლებასთან მჭიდრო კავშირშია. მომხდარზე დანიის ენერგეტიკის სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ. Tagesspiegel-ის ცნობით, ამჟამად განიხილება ორი ჰიპოთეზა. პირველის მიხედვით, გაზსადენები დაზიანდა უკრაინის ან მასთან დაკავშირებული ძალების მიერ, რათა რუსეთიდან გაზი ევროპაში მხოლოდ უკრაინული გაზსადენებით ან იამალის გაზსადენით, პოლონეთის გავლით მოხვდეს. მეორე ვერსიით, გაზსადენები რუსეთმა სხვისი სახელით დააზიანა, რათა დივერსიაში უკრაინა დაედანაშაულებინა, გამოეწვია ენერგოკრიზისის გამწვავება და, შესაძლოა, კიდევ უფრო გაეზარდა გაზის ფასი. 26 სექტემბრის ღამით, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ოპერატორმა განაცხადა, რომ გაზსადენზე წნევა 105-დან 7-ბარამდე დაეცა. მიუხედავად იმისა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ არასოდეს ამოქმედებულა, ის 300 მილიონი კუბური მეტრი გაზით გაივსო. გერმანიამ აღარ ისურვა მისი ამოქმედება რუსეთის მიერ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების აღიარების გამო. გაჟონვა მოხდა ბალტიის გაზსადენის საზეიმო ამოქმედებამდე ერთი დღით ადრე. ამ გაზსადენის მეშვეობით ნორვეგიიდან ბუნებრივ აირს მიიღებს პოლონეთი, რომელიც ცდილობს მთლიანად თქვას უარი რუსულ ნედლეულზე. რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქციების მიღების შემდეგ, "ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის" გაზსადენის ექსპლუატაციაში გაშვება შეჩერდა, თუმცა მისი მშენებლობა თითქმის დასრულებულია. ამ ხნის განმავლობაში "ჩრდილოეთის ნაკადი-1-ის" გაზსადენი განაგრძობდა მუშაობას, მაგრამ ივნისში რუსულმა "გაზპრომმა", ტექნიკური მომსახურების კუთხით შექმნილი სირთულეების გამო, მნიშვნელოვნად შეამცირა ევროპის ქვეყნებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება. კრემლი არ გამორიცხავს დივერსიის ვარიანტს. გამოძიებას დანია და შვედეთი შეუერთდნენ. გაზსადენების შეკეთებას შესაძლოა რამდენიმე წელი დასჭირდეს. ევროკავშირის ქვეყნები რუსეთს გაზის პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად გამოყენებაში ადანაშაულებენ. მოსკოვი ამ ბრალდებებს უარყოფს.     https://www.radiotavisupleba.ge/a/32054264.html

Source: radiotavisupleba.ge