ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ტელეფონს ისევ უპასუხებს, როგორც უკვე დეპუტატი

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

"ჩვენთან ითვლება, რომ თუ ოპოზიციაში ხარ, უნდა გძულდეს ხელისუფლება და თუ ხელისფულებაში ხარ, უნდა გძულდეს ოპოზიცია და განადგურება გინდოდეს მისი. მაგრამ, ჩემი აზრით, ამით იმდენად ვართ 30 წელი გართულები, ცოდვა გამხელილი სჯობს და, მე განსაკუთრებით ცოდვილი ვარ ამ მიმართულებით და ხშირად დაუნდობელიც, ზედმეტადაც, რომ გვავიწყდება მთავარი. პოლიტიკური პროცესი ხალხის პრობლემების მოგვარებას უნდა ემსახურებოდეს. ამ დარბაზში მარტო და ყოველთვის, ბავშვობიდან მოყოლებული, ისმოდა ყველაფერი, მაგრამ ხალხის პრობლემებზე არ ფიქრობდნენ, არ დარდობდნენ. ეს განცდა მაქვს 9 წელია, ძვირფასო "ქართული ოცნების" დეპუტატებო. არის "ქართული ოცნების" რეალობა, არის ნამდვილი ქართული რეალობა. აქეთ არის თავდაუზოგავი რეალობა, მეორე მხარეს სასოწარკვეთილი ხალხი, უიმედო, უსამართლობის განცდით კრიჭაშეკრული ხალხი, არადა, გვაქვს საოცარი ქვეყანა, უზარმაზარი შესაძლებლობების ქვეყანა და ჩვენ აქ ვართ ზუსტად იმიტომ, რომ ეს ქვეყანა უკეთესი გავხადოთ", - თქვა პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე. ეს მისი და მისი თანაპარტიელის, ლევან იოსელიანის პირველი სამუშაო დღეა პარლამენტში. მან თქვა, რომ პარლამენტში არა პრივილეგიების გასაყოფად, არამედ იდეებზე საკამათოდ შევიდა და ახლა უკვე პარლამენტარის რანგშიც გააგრძელებს მოქალაქეების ზარებზე პასუხის გაცემას, როგორც ამას წინასაარჩევნო კამპანიის დროს აკეთებდა. "ჯოჯოხეთია ყოველდღე ასეულობით ზარის პასუხი, მაგრამ ეს არის პასუხისმგებლობა და სწორი პოლიტიკა, ჩემი აზრით. დანარჩენს ვნახავთ, იმედს დავიტოვებ, დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ დანარჩენ ოპოზიციასაც ვიხილავთ ამ დარბაზში", - თქვა ალეკო ელისაშვილმა. მისი ტელეფონის ნომერია 593 58 40 52. „მოქალაქეებმა“ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა, რიგგარეშე არჩევნების, საარჩევნო რეფორმის და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საერთო მოთხოვნას შეუერთდა და მონაწილეობდა აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით „ქართულ ოცნებასთან“ მიმდინარე მოლაპარაკებებში. მოგვიანებით, „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია დაადანაშაულა მოლაპარაკების ჩიხში შეყვანის და ჩაშლის მცდელობაში და „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკება დამოუკიდებლად დაიწყო. 29 იანვარს ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა განაცხადეს, რომ მმართველ პარტიასთან მიღწეულია შეთანხმება ფუნდამენტურ საარჩევნო რეფორმაზე, ამიტომ პარლამენტში საქმიანობას დაიწყებენ და თუ „ქართული ოცნება“ შეთანხმებას დაარღვევს, პარლამენტს დატოვებენ. რაც შეეხება პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნას, "მოქალაქეების" ლიდერების თანახმად, "ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკებების დროს ოპოზიციის მიერ დასახელებული 5 პირიდან 4 წინასწარ პატიმრობაში აღარ იმყოფება და თუ ოპოზიციის წარმომადგენლებს ამ საკითხზე საბოლოო შედეგის მიღწევა სურთ, პარლამენტში უნდა შევიდნენ და მმართველ პარტიასთან მოლაპარაკება გააგრძელონ. სხვა ოპოზიციური პარტიები "მოქალაქეების" ლიდერებს "ქართული ოცნების" სცენარით მოქმედებაში ადანაშაულებენ. 2 თებერვალს "ქართულმა ოცნებამ" მიიღო გადაწყვეტილება, არ დააკმაყოფილოს ბოიკოტის რეჟიმში მყოფი 51 დეპუტატის მოთხოვნა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ იმის გამო, რომ დაახლოებით 20-მდე ოპოზიციონერს უნდა მანდატების გამოყენება.     https://www.radiotavisupleba.ge/a/31081806.html #ახალი_ამბები #twitter