ბათუმში ქართულ-ამერიკული აკადემიის მშენებლობა იწყება

Tbilisi Daily

ბათუმში ქართულ-ამერიკული აკადემიის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. სიმბოლური კაფსულა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან და სკოლის გენერალურ დირექტორ ნინო ჩიკვაშვილთან ერთად ჩაუშვა. ქართულ-ამერიკული აკადემია 2021 წელს გაიხსნება და აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტების აუდიტორიებით, სპორტდარბაზებით, კაფეტერიებითა და ლაბორატორიებით. განხორციელდება 10 მილიონი ლარის ინვესტიცია. აკადემია 800-მდე მოსწავლეს მიიღებს და მათ უმაღლესი ხარისხის ეროვნულ და ამერიკულ განათლებას შესთავაზებს. ეს იქნება პირველი ქართულ-ამერიკული საერთაშორისო აკადემია დასავლეთ საქართველოში სკოლამდელი, დაწყებითი, საბაზო, საშუალო განათლებისა და წინასაუნივერსიტეტო პროგრამებით. აკადემიას ასევე ექნება ამერიკული საატესტატო-სადიპლომო უმაღლესი სკოლა მათთვის, ვისაც სურს ამერიკული საერთაშორისო ატესტატის აღება და სწავლის გაგრძელება საერთაშორისო კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში.