რაკეტები მოხვდა კიევს, სევეროდონეცკიდან უკრაინელი სამხედროების გაყვანის შემდეგ
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
კიევში რამდენიმე აფეთქების ხმა 26 ივნისს, გამთენიისას გაისმა, როცა უკრაინის თავდაცვის ძალები ცდილობენ გადაჯგუფებას სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქის დაკარგვის შემდეგ, ფრონტის ხაზზე, დედაქალაქიდან ასობით კილომეტრის დაშორებით.
მედია, სამაშველო სამსახურის ცნობებზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ რაკეტა მოხვდა საცხოვრებელ სახლს კიევის შევჩენკოს რაიონში, რის შედეგადაც გაჩნდა ხანძარი. დანგრეულია კორპუსის ზედა სამი სართული და მობინადრეები ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილი. მაშველებმა მედიის წარმომადგენლებს უთხრეს, რომ მოახერხეს 7 წლის გოგონას ამოყვანა ნანგრევებიდან. სავარაუდოდ ნანგრევების ქვეშაა ბავშვის 36 წლის დედა. მაშველები იტყობინებიან ერთი დაღუპულის შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ბავშვის მამაა.
BBC, შს სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ერთი რაკეტა მოხვდა საბავშვო ბაღის ტერიტორიას, პოპოვეცკის ქუჩაზე.
კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ მაშველები და ექიმები ადგილზე მუშაობენ კიევის ისტორიულ ჩრდილოეთ ნაწილში განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შემდეგ. შემთხვევის ადგილას, სადაც დაზიანდა სულ მცირე ორი შენობა. კლიჩკო ტელეგრამზე წერს, რომ სარაკეტო დარტყმა მოხდა შევჩენკოს რაიონში, სადაც არის უნივერსიტეტები, გალერეები, რესტორნები და ა.შ.
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კიევს შორი მოქმედების რაკეტები დაუშინეს მას შემდეგ, რაც 25 ივნისს, უკრაინულმა მხარემ მიმართა „ტაქტიკურ გასვლას“ ქალაქ სევეროდონეცკიდან - ძლიერი დარტყმის შედეგად, რომელმაც შეიძლება იმოქმედოს საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობაზე ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში.
თუმცა უკრაინის პრეზიდენტი თავის ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ ქვეყანა დაიბრუნებს ქალაქებს, რომლებიც მან დაკარგა ომის მიმდინარეობის ოთხი თვის განმავლობაში, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
„წარმოდგენა არ გვაქვს, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს [ომი - რთ], რამდენი დარტყმა, დანაკარგი და ძალისხმევა იქნება კიდევ საჭირო, ვიდრე ჩვენ დავინახავთ გამარჯვებას ჰორიზონტზე“, - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ თავის მიმართვაში.
უკრაინის პრეზიდენტი, 27 ივნისს, სიტყვით უნდა გამოვიდეს „დიდი შვიდეულის“ (G7) ლიდერთა სამიტზე, რომელიც გერმანიის ბავარიის რეგიონში იმართება და მან უნდა მოუწოდოს ძლიერი მრეწველობის მქონე ქვეყნებს უკრაინის თავდაცვის შემდგომი საერთაშორისო დახმარებისკენ.
25 ივნისს, უკრაინელმა სამხედროებმა გამოაცხადეს, რომ შეიარაღებული ძალები გამოყვანილია სევეროდონეცკიდან, რამდენიმე კვირიანი ინტენსიური ბრძოლების შემდეგ. მათი გაცხადებული მიზანია, რომ ბრძოლა გააგრძელონ მეზობელი ლისიჩანსკის სიმაღლეებიდან.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ შენაერთები ახორციელებენ „ტაქტიკურ გადაჯგუფებას“, სევეროდონეცკის დატოვების შემდეგ.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31915584.html
Source: radiotavisupleba.ge