ბარი "ჯაფარასთან" დალუქეს

Tbilisi Daily

15 თებერვალს გამთენიისას კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა "გირჩი - მეტი თავისუფლების" დამფუძნებლის, ზურაბ ჯაფარიძის ბარი ჯაფარასთან დალუქეს. გარდა ამისა, სამართალდამცველებმა ბარიდან ორი ადამიანი გამოკითხვაზე წაიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 248-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც იზოლაციის ან კარანტინის წესის დარღვევას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ბარი 2 დღის წინ, 19:00 საათზე, დაუმორჩილებლობის ნიშნად გაიხსნა და ის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებისკენ იყო მიმართული. "აქედან რაიმე საჩივარი არ გასულა, რომ ვინმეს რამე უფლება შეელახა. რატომ მოვიდნენ არ ვიცი. გასაგებია, რომ მათ აქვთ დავალებული, რომ ყველა ბიზნესი დასაჯონ და გააჩერონ. ეს სტრუქტურა, ბოლო თვეები დაკავებულია იმით, რომ ადამიანებს აკარგინებს შემოსავალს და სამსახურებს, ხურავს ბიზნესს და უხარია" - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ პოლიციის მისვლისას, გახსნის დღესვე. საბოლოო ჯამში კი, პარტიის ლიდერი 2 000 ლარით დაჯარიმდა. ამის შესახებ პოლიტიკოსმა თავად განაცხადა. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, მან ჯარიმის ოქმი არ ჩაიბარა. განმეორების შემთხვევაში, მას სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. შრომის ინსპექციის თანამშრომლის თქმით, "განხორციელდა და დადასტურდა არანებართული ეკონომიკური საქმიანობა". ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს. #GeorgiaDaily #საქართველო #ახალიამბები