უეს მიტჩელი: უნდა გადაიხედოს ბუქარესტის დაპირება
Tbilisi Daily
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ ევროპის საკითხებში უეს მიტჩელმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ნატო-საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.
უეს მიტჩელის განცხადებით, ნატო-ს საქართველოსა და უკრაინასთან ურთიერთობებში სტრატეგიული მიდგომა სჭირდება, რომელიც ბუქარესტის სამიტის დასკვნას თავიდან შეხედავს და პარტნიორებთან ურთიერთობებს უფრო ყოვლისმომცველს გახდის.
იგი განმარტავს, რომ ალიანსმა აქტიური დახმარება უნდა გაუწიოს სუსტ დემოკრატიებს, განსაკუთრებით-ნატო-ს აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნებს, რომლებიც რუსეთის მხრიდან შიდა და გარე ზეწოლის ქვეშ არიან.
მისივე თქმით, უდავოა, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიული მმართველობის მხრივ.
„ის ნატოს ახლო და ეფექტური პარტნიორია. სტრატეგიული გარემოდან და ნატოს მხრიდან შიდა კონსოლიდაციის საჭიროებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, სამართლიანი იქნება იმის თქმა, რომ ალიანსის დანიშნულების საფუძვლებს და მის მმართველობას უნდა დავუბრუნდეთ. ვფიქრობ, ნაადრევია იმის თქმა, რომ საქართველო ნატოში ახლა უნდა გაწევრიანდეს. თუმცა, ასევე სამართლიანია იმის თქმა, რომ ეს ერთი შეხედვით დაუსრულებელი პროცესია, რომელიც თითქოს, თითო კვადრატული მეტრით ზომავს პროგრესს. ვფიქრობ, ღირს დაიწყოს დისკუსია უფრო სტრატეგიულ მიდგომაზე, რომელიც ნატოს მისცემს საშუალებას საქართველოს საკითხი, სტრატეგიული და პოლიტიკური თვალსაზრისით, ერთ მთლიან საკითხად შეაჯეროს. ეს ეტაპობრივ მიდგომას აჯობებს და ჩემი აზრით, უფრო მეტადაა თანხვედრაში იმასთან, თუ როგორ შეუძლია ნატოს, როგორც ალიანსს, კავკასიაში გავლენისთვის ბრძოლა“, - განაცხადა მიტჩელმა.
ამერიკელმა ანალიტიკოსმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ და უკრაინამ მკაფიოდ უნდა მოახდინონ იმის დემონსტრირება, რომ დემოკრატიული მმართველობის და ძლიერი დემოკრატიული სტრუქტურების შექმნის მიმართ ერთგულები არიან.
„ვფიქრობ, ღირს დაიწყოს დისკუსია უფრო სტრატეგიულ მიდგომაზე, რომელიც ნატოს მისცემს საშუალებას საქართველოს საკითხი, სტრატეგიული და პოლიტიკური თვალსაზრისით, ერთ მთლიან საკითხად შეაჯეროს. ეს ეტაპობრივ მიდგომას აჯობებს და ჩემი აზრით, უფრო მეტადაა თანხვედრაში იმასთან, თუ როგორ შეუძლია ნატოს, როგორც ალიანსს, კავკასიაში გავლენისთვის ბრძოლა“, - აღნიშნა მიტჩელმა.