შესაძლებელია, ეგონათ, რომ შემოაკვდათ… შემდეგ არის წყალში გადაგდებული – ბრალდებულის ადვოკატი
Tbilisi Daily
19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დაკავებული ძიუდოისტის, გიგა ტატიაშვილის ადვოკატი გიორგი ყიფშიძე, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნას ეხმაურება.
როგორც ადვოკატი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აღნიშნავს, სავარაუდოა, რომ შაქარაშვილი, დაზიანებების მიყენების შემდეგ წყალში გადააგდეს.„რასაც ველოდი ის არის. დაზიანებებსაც ველოდი. აშკარაა, რომ დაზიანებები აქვს, სავარაუდოდ, შემდეგ არის წყალში გადაგდებული. ასეთ ვერსიას თუ გავათამაშებთ. არარეალისტურია ის, რომ ნაცემი თვითონ წყალში გადავარდა, ჩანთა თავისით შეხტა ზემოთ და მსგავსი რაღაცები.
შესაძლებელია, ეგონათ, რომ შემოაკვდათ. მიუხედავად ექსპერტიზის კატეგორიულობისა, მაინც მიმაჩნია, რომ რაღაც ნაწილი ღია დარჩა. მეტი დეტალიზაცია გვჭირდება იმისათვის, რომ დასკვნა დადო.
ცალსახად მგონია, რომ ეს ადამიანი უგონო მდგომარეობაში წყალში ვერ აღმოჩნდებოდა. ეს არის ჩემი აზრი, როგორ აღმოჩნდა იგი წყალში, ეს უკვე საზოგადოებამ განსაზღვროს“,- აღნიშნავს გიორგი ყიფშიძე.
მისივე თქმით, ექსპერტიზის დასკვნით განზრახ მკვლელობის საკითხი ეჭვქვეშ დგება.
„კვალიფიკაციის საქმე ახლა ფრთხილად არის გადასახედი. ზუსტად არ ვიცი საბოლოოდ რა მუხლს დასვამენ, მაგრამ განზრახ მკვლელობის თემა შეიძლება სადაო გახდეს, რადგან არ არის გამორიცხული, მაგალითად ეს იყო სხეულის დაზიანება. პრობლემა ის არის, რომ ჩვენ მტკიცებულება არ გვაქვს იმის, რომ ვინმემ ცალსახად იგი წყალში გადააგდო“,- განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, დღეს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.