"წადით ზაპოროჟიეში ან ოკუპირებული ყირიმის გავლით - საქართველოში", - მოუწოდებს მელიტოპოლის მერი 35 წლამდე ასაკის მამაკაცებს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
მელიტოპოლის მერი ივან ფიოდოროვი მოუწოდებს ქალაქში მცხოვრებ 35 წლამდე ასაკის მამაკაცებს, რომლებსაც, მისი თქმით, ოკუპანტები ფრონტზე "საზარბაზნე ხორცად" გაგზავნას უპირებენ, რომ დაუყოვნებლად დატოვონ ოკუპირებული ტერიტორია და შეეცადონ წავიდნენ ზაპოროჟიესკენ ან აირჩიონ ალტერნატიული გზა - დროებით ოკუპირებული ყირიმის გავლით, საქართველოსკენ.
"უკვე დღეისთვის ვასილევკაში მდებარე ბლოკ-საგუშაგოზე 18-დან 35-წლამდე მამაკაცები ოკუპანტებმა არ გაუშვეს ზაპოროჟიეს მიმართულებით. ასეთი პრაქტიკა გაგრძელდება. კაფირების მიზანია ფრონტისათვის "საზარბაზნე ხორცად" ჩვენი მამაკაცების მობილიზაცია. 2014 წელს ოკუპანტებმა ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებში მამაკაცებზე ნამდვილი ნადირობა გამოაცხადეს. ასე მოიქცევიან ისინი ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში", - აფრთხილებს მოსახლეობას ტელეგრამის არხით მელიტოპოლის მერი.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, რუსეთში 21 სექტემბრიდან დაიწყო ნაწილობრივი მობილიზაცია, რომელიც თავდაცვის მინისტრ შოიგუს თანახმად, 300 ათას რეზერვისტს შეეხება.
მაგრამ „ნოვაია გაზეტა ევროპა“-ს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ერთ-ერთმა წყარომ აცნობა, რომ პრეზიდენტ პუტინის ხელმოწერილი განკარგულება 1 მილიონი ადამიანის გაწვევის შესაძლებლობას იძლევა.
21 სექტემბერს რუსეთის სხვადასხვა ქალაქში გაიმართა მობილიზაციის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო გამოსვლები. პოლიციამ აქციების 1000-ზე მეტი მონაწილე დააკავა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/32046398.html
Source: radiotavisupleba.ge