"2021 წელს ახალი სირთულეები და გამოწვევები იქნება, მაგალითად, „კოვიდ-19“-ის ახალი სახეობა"

Tbilisi Daily

მომავალ წელს ახალი სირთულეები და გამოწვევები იქნება, მაგალითად, „კოვიდ-19“-ის ახალი სახეობა და პანდემიისგან დაღლილი ადამიანების დახმარება, რათა მათ ვირუსთან ბრძოლა გააგრძელონ, – ეს განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა. გებრეიესუსის თქმით, ამჟამად ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს მეცნიერებთან, რათა უკეთ მოხდეს ვირუსის ნებისმიერი ცვლილებისა და იმის გაგება, თუ რა გავლენას ახდენს ის ვირუსის გავრცელებასა და დაავადებების გამოწვევაზე. ორგანიზაციის გენერალური დირექტორის განაცხადებით, ბოლო კვირების მანძილზე უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინის გავრცელება რიგ ქვეყნებში დაიწყო, რაც წარმოუდგენელი სამეცნიერო მიღწევაა. თუმცა, როგორც გებრეიესუსმა აღნიშნა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იქამდე არ დაისვენებს, ვიდრე ვაქცინა ყველგან არ გახდება ხელმისაწვდომი. როგორც ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი აცხადებს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მთელი მსოფლიოდან ათასობით მეცნიერთან ერთად მუშაობდა, რომ გლობალური სოლიდარობა შეექმნა. ამასთან, ორგანიზაცია და მისი პარტნიორები იმ მიზნით თანამშრომლობდნენ, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში სახელმწიფოებისთვის მხარი დაეჭირათ.