აფხაზეთში ანქვაბს თბილისის ინტერესების ლობირებაში ადანაშაულებენ
Sokhumi Daily
აფხაზეთში ომის ვეტერანთა ორგანიზაცია “არუაა” , რომელიც აფხაზეთის ახალი ე.წ პრეზიდენტისა და ხელისუფლების ოპოზიციად მიიჩნევა, მორიგ განცხადებაში აფხაზეთის ახალ ე.წ პრემიერს თბილისის ინტერესების ლობირებაში ადანაშაულებს.
“ძალიან სამწუხაროა, რომ ალექსანდრე ანქვაბი იმ ქვეყნის ინტერესებს ლობირებს, რომელთანაც საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით და ამასთან, უგულებელყოფს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს”, – ნათქვამია “არუაას” მორიგ განცხადებაში.
ამასთან, ორგანიზაცია ანქვაბისგან მოითხოვს, საჯაროდ თქვას უარი საკუთარ განცხადებაზე იმის შესახებ, რომ გალის მოსახლეობას აფხაზური მოქალაქეობა მისცენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზაცია რიგგარეშე სხდომას გამართავს, სადაც ე.წ პრემიერ ანქვაბისთვის “უსიამოვნო გადაწყვეტილებებს” მიიღებენ.
იქამდე, გალის მოსახლეობის მიმართ ლოიალობის გამო, მოძრაობა “არუაა” ე.წ პრემიერ-მინისტრ ალექსანდრე ანქვაბს და მთლიანად, ახალ "მთავრობას" აქციებით დაემუქრა.
ანტიქართული განცხადებებითა და პოზიციებით ცნობილი აფხაზური გაერთიანება “არუაა” ახალ ე.წ ხელისუფლებას აქამდეც მწვავედ აკრიტიკებდა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ქართულ მხარესთან, აღიარების გარეშე, რაიმე ტიპის დიალოგი, თუნდაც სავაჭრო თემაზე, მიუღებელია.
აფხაზეთში რამდენიმე თვის წინ გამართული ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დანიშნული ახალი ხელმძღვანელები: ასლან ბჟანია ე.წ პრეზიდენტი, ალექსანდრ ანქვაბი - პრემიერ-მინისტრი, სერგეი შამბა – ე.წ უშიშიროების საბჭოს მდივანი სხვადასხვა ინტერვიუში, მათ შორის რუსულ მედიაში, ქართულ მხარესთან დიალოგის საჭიროებაზე და გალელებისთვის აფხაზური პასპორტების გაცემაზე საუბრობენ, რითაც ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკურ ძალების შეშფოთებას იწვევს.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#აფხაზეთი
#პოლიტიკა
#საქართველო
#sokhumidaily