უზენაესის თავმჯდომარე მოსამართლეთა სანქცირებაზე აშშ-სგან შეცდომის აღიარებას ელის

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და ამავდროულად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ნინო ქადაგიძე ელის, რომ აშშ მოუხსნის სანქციებს მოსამართლეებს. მან საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ამ სანქციების დაწესებას "შეცდომა" უწოდა. "ჩვენს პარტნიორებთან და მეგობრებთან ყოველთვის ვინარჩუნებდი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, ყოველთვის ვიყავი ფრთხილი და მოზომილი. მე ვთვლი, რომ დადგა ის მომენტი, როცა ვითხოვ უკუგებას მათგან. შეცდომა შეიძლება ყველას მოუვიდეს, არავინ არის დაზღვეული, თუმცა ვთვლი აქვე, რომ შეცდომის აღიარება არის ძლიერის თვისება და აქედან გამომდინარე მე ვიტოვებ ძალიან დიდ იმედს, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან ეს საკითხი გადაიხედება..." - თქვა მან. ნინო ქადაგიძე მხარდაჭერას უცხადებს სანქცირებულ მოსამართლეებს. "სასამართლო წლების განმავლობაში იდგა არაერთი გამოწვევის წინაშე, მაგრამ ხმამაღლა მინდა ვთქვა, არც ერთხელ, არცერთ ეტაპზე ისეთი რეალური, ნამდვილი, ხელშესახები მიღება არ ყოფილა, როგორც იყო კორუფციისგან თავისუფალი სასამართლო სისტემა. მე ვერ მივიღებ ვერცერთ განცხადებას სასამართლოში კორუფციის არსებობის შესახებ... მე მათ ვუცხადებ სრულ თანადგომას. მე როგორც უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ვიქნები მათ და თითოეული მოსამართლის ხელშეუხებლობის გარანტორი..." - თქვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ. მასალა განახლდება https://www.radiotavisupleba.ge/a/32357097.html

Source: radiotavisupleba.ge