ცნობილი გახდა საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საქართველოს პარლამენტს წარედგინება საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პროექტი, რომელიც სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დასავლელ პარტნიორებთან კონსულტაციის საფუძველზე. ამის შესახებ პარლამენტში, „მოქალაქეების“ ერთ-ერთ ლიდერთან, ლევან იოსელიანთან ერთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა „ქართული ოცნების“ უმრავლესობის“ წევრმა, შალვა პაპუაშვილმა.
პროექტის თანახმად:
გაიზრდება მუნიციპალიტეტების საკრებულოებში პროპორციული წესით არჩეული წევრების წილი. კერძოდ, თვითმმართველ ქალაქებში - თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი - ყოველ 1 მაჟორიტარ წევრზე იქნება 4 პროპორციული წესით არჩეული წევრი, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში ყოველ 1 მაჟორიტარ წევრზე იქნება 2 პროპორციული წესით არჩეული წევრი;
საარჩევნო ადმინისტრაციის ცენტრალური და საოლქო დონეები დაკომპლექტდება 8 პროფესიული და 9 პარტიული წევრით პარიტეტის პრინციპის დაცვით (1 პარტია 1 წევრი);
დაინერგება ამომრჩეველთა ელექტრონული რეგისტრირების და საარჩევნო ბიულეტენების ელექტრონული დათვლის სისტემა;
აიკრძალება უბნის დოკუმენტაციის დალუქვის შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შესწორების ოქმის შედგენა;
აიკრძალება საოლქო კომისიის მიერ შესწორების ოქმის შედგენა დოკუმენტაციის გახსნის და ბიულეტენების გადათვლის გარეშე;
მიუხედავად იმისა იქნება თუ არა საჩივარი, 73-ივე საარჩევნო ოლქში შემთხვევით შერჩევის პრინციპით გამოვლინდება და გადაითვლება 5-5 უბანი. ჯამში გადაითვლება 365 უბანი, ანუ უბნების საერთო რაოდენობის 10%;.
გაიზრდება საჩივრების შეტანის და განხილვის ვადები;,
შესაძლებელი გახდება საჩივრის ელექტრონული ფორმით შეტანა;
შესაძლებელი იქნება ცესკო-ს მიერ სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უარის გასაჩივრება სასამართლოში'.
აიკრძალება საარჩევნო უბნიდან 100 მეტრიან რადიუსში ადამიანთა შეკრება და ამომრჩეველთა აღრიცხვა;
გაფართოვდება იმ საჯარო მოხელეების წრე, ვისაც ეკრძალება წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა;
აიკრძალება წინასაარჩევნო აგიტაციისთვის საჯარო მოხელეების სამსახურებრივი ნიშნით შეკრება.
ამ ეტაპზე ღიად რჩება საარჩევნო ბარიერის საკითხი. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მზად არიან განიხილონ საარჩევნო ბარიერის დაწევა კონსტიტუციით გათვალისწინებული 5%-დან მაქსიმუმ 3%-მდე იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტში შევა საკონსტიტუციო ცვლილების განსახორციელებლად საჭირო დეპუტატების რაოდენობა.
საკონსტიტუციო ცვლილებებს სულ მცირე 113 ხმა სჭირდება. მეათე მოწვევის პარლამენტის საქმიანობაში ამჟამად მხოლოდ 96 დეპუტატი მონაწილეობს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31128972.html
#ახალი_ამბები
#twitter