საბერძნეთსა და თურქეთს შორის სიტუაციის ესკალაციის ფონი მზარდია - მხარეები სამხედრო წვრთნებს ატარებენ

Interworld

ბოლო პერიოდში, საბერძნეთთან გამწვავებული ურთიერთობების ფონზე, თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა კვირას, 6 სექტემბერს, ე.წ. ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკასთან ერთად სამხედრო წვრთნები დაიწყეს, რომელიც 5 დღე გაგრძელდება. თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის ფუად ოქთაის განცხადებით, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში დაძაბულობის მატების საპასუხოდ, წვრთნები სახელწოდებით „ხმელთაშუა ზღვის ქარიშხალი“ იმართება, რომელიც, არსებულ დიპლომატიურ ინსტრუმენტებთან ერთად, კვიპროსის კუნძულის „თურქული ნაწილისა“ და ოფიციალური ანკარის უსაფრთხოების პრიორიტეტებით არის განსაზღვრული. აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში არსებული მდგომარეობა სატელეფონო კავშირის გამოყენებით განიხილეს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა. თურქმა ლიდერმა ევრო-გაერთიანებას სამართლიანი, მიუკერძოებელი და ობიექტური მიდგომების გამოყენებისკენ მოუწოდა რეგიონალურ საკითხებთან დაკავშირებით. საპასუხოდ, მიშელის პოზიციით, ევროკავშირის ლიდერები 24-25 სექტემბერს შეხვედრას გეგმავენ, სადაც თურქეთთან დაკავშირებული საკითხები იქნება განხილული. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ივ ლე დრიანის განცხადებით, განიხილება „სანქციათა დიაპაზონი, რომელიც შესაძლოა თურქეთთან მიმართებაში იქნას გამოყენებული“. ამავდროულად, ერდოღანმა კვირას, 6 სექტემბერს, ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობის (GNA) პრემიერ-მინისტრი ფაიეზ ალ-სარაჯი მიიღო და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში არსებულ დაძაბულობასთან და მხარეთა შორის თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გამართა. მანამდე, შაბათს, 5 სექტემბერს, თურქეთის პრეზიდენტმა საბერძნეთი „გააფრთხილა“ და განაცხადა, რომ ოფიციალური ათენი ან გაიგებს (მიიღებს) პოლიტიკისა და დიპლომატიის ენას, ან სხვა შემთხვევაში „მწარე რეალობას“ გამოცდის. მისი თქმით, თურქეთი ყველა „სიტუაციური სცენარისთვის მზადაა“. საკითხთან დაკავშირებით და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის (ნატო) შუამავლობით, საბერძნეთსა და თურქეთს შორის „ტექნიკური ხასიათის“ მოლაპარაკებების გამართვა იგეგმებოდა, მაგრამ ოფიციალურმა ათენმა უარი თქვა დიალოგზე, რის საპასუხოდ ანკარის მხრიდან ბრალდებები „მიიღო“, რომ ევროკავშირის წევრი ეს სახელმწიფო თავს არიდებს პრობლემაზე საუბარს. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, საბერძნეთი დიალოგს თავს არიდებს და აღნიშნულის ინიცირება საფრანგეთის ხელისუფლების მხრიდან ხორციელდება. თურქი მინისტრის თქმით, ოფიციალური პარიზი „აქეზებს“ ათენის პრაქტიკულ ქმედებებს. ასევე შაბათს, 5 სექტემბერს, თურქეთის თავდაცვის უწყებამ სირიის საზღვართან მდებარე მისი კუთვნილი ჯავშანტექნიკა (40 ერთეული ტანკი) საბერძნეთის საზღვრის მიმართულებით გადაისროლა. თურქული პოზიციით, გადაადგილებები არ უკავშირდება საბერძნეთთან წარმოშობილ დაძაბულობას და მას მხოლოდ რეგულარული ხასიათი აქვს. ოფიციალური ათენისთვის აღნიშნული ნაკლებად საფრთხის შემცველია, რადგან მათ შეიარაღებაში არსებული ასეულობით ტანკის ძირითადი ნაწილი სწორედ თურქეთთან არსებულ (სახმელეთო) სასაზღვრო მონაკვეთზე ჰყავთ დისლოცირებული. ბერძნული მხარისთვის შედარებით მეტი საფრთხის შემცველი ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვის სანაოსნო ტერიტორიებია. 8 წლიანი რეცესიისა და ეკონომიკური პრობლემების გამო, საბერძნეთს თავდაცვის ბიუჯეტი განახევრდა და ახლა მისი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დაახლოებით 3%-ს წარმოადგენს. ამის საპირწონედ, თურქეთის თავდაცვის ბიუჯეტი უხეშად სამჯერ დიდია. ოფიციალური ათენმა თურქეთთან არსებული საზღვრების უსაფრთხოების გასაძლიერებლად (განსაკუთრებით ეგეოსის ზღვაში მდებარე კუნძულებზე) და მიგრანტთა უკანონო შემოდინების შესაჩერებლად სპეციალური დანიშნულების დანაყოფები განათავსა. თურქეთმა 2016 წელს, ევროკავშირთან $2,3 მლრდ. ევროს ღირებულების შეთანხმება გააფორმა, ახლო აღმოსავლეთიდან ლტოლვილი მოსახლეობის ევროპის კონტინენტის მიმართულებით მიგრაციის შესაკავებლად, მაგრამ ხელშეკრულება სათანადოდ ვერ სრულდება, რაც მიგრანტთა და საბერძნეთის პოლიციის შეტაკებებს იწვევს. 10 აგვისტოს, თურქეთმა საძიებო-კვლევითი ხომალდი Oruc Reis, საბრძოლო ხომალდების თანხლებით კვიპროს-საბერძნეთს შორის არსებული კუნძულების - კასტელორიცოსა და კრეტას ტერიტორიულ წყლებში განათავსა, რომლიც დღემდე ამ ტერიტორიაზე იმყოფება. განხორციელებულ ქმედებას საბერძნეთმა ევროკავშირის რამდენიმე პარტნიორთან და არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან ერთად საზღვაო წვრთნებით უპასუხა. სამხედრო მანევრირებები განახორციელა თურქეთის რესპუბლიკამაც. საბერძნეთსა და თურქეთს შორის ათწლეულების მანძილზე არსებულ ურთიერთობებში ეს ბოლო კრიზისი ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე სახიფათოა. მეზობელი ქვეყნები 1970-იანი წლებიდან მოყოლებული სამჯერ იყვნენ ომის ზღვარზე, მათ შორის ერთხელ ეგეოსის ზღვაში არსებული ბუნებრივი რესურსების გამო. ნატოს მოკავშირე სახელმწიფოებს შორის არსებული დაპირისპირება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გეოპოლიტიკური რისკები სწრაფად მზარდია, რისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ერდოღანის ხელისუფლების აგრესიულად მზარდი ნაციონალისტური პოლიტიკის შედეგია. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #Greece #Turkey #Cyprus #eastern #Mediterranean #crisis #interworld ______________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com #ახალიამბები #პოლიტიკა