კერძო სექტორი ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული შეღავათების გაგრძელებას ითხოვს

Tbilisi Daily

კერძო სექტორი მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული შეღავათების ვადის გაგრძელებას ითხოვს. მცირე და საშუალო ბიზნეს საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტი, მიხეილ ჭელიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანიებს ლიკვიდურობის პრობლემა შეექმნებათ. „ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული შეღავათები მინიმუმ 1 წლით აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. კორონავირუსი არა თუ გაჩერდა, არამედ მგონი, უფრო ცუდ სიტუაციას უნდა ველოდოთ. აქედან გამომდინარე, ადეკვატურადაც უნდა გაგრძელდეს ეს ვადა. წინააღმდეგ შემთხვევაში ბიზნესს ლიკვიდობის პრობლემა შეექმნება. გადასახადი უნდა დაირიცხოს, მაგრამ ის გრაფიკით უნდა იყოს გაწერილი. როდესაც გაქვს დავალიანება 50 000 ლარზე მეტი ყველა ვარიანტში გჭირდება უზრუნველყოფის კომპონენტი, რომ გადაგივადონ გრაფიკით. ამ შემთხვევაში სჯობს, რომ უზრუნველყოფის კომპონენტი შემცირდეს და გარკვეული პერიოდით, მაგალითად, 1 წლით იყოს მხოლოდ 20%. ამით უფრო მეტი ბიზნესი შეიძლება გადავარჩინოთ“,- აღნიშნა ჭელიძემ. მანვე აღნიშნა, რომ საქართველოში, ისევე როგორც დანარჩენ მსოფლიოში, ნაღდი ფულის დეფიციტია, რაც კერძო სექტორს დამატებით საფიქრალს უჩენს.