23 წლის გოგო ქუთაისის კლინიკაში ოპერაციის შემდეგ კომაში ჩავარდა

Kutaisi Daily

23 წლის სალომე გვასალია უკვე მეორე დღეა კომაშია, ის 4 ოქტომბერს ხიდან ჩამოვარდა და ქუთაისის ინტერვენციულ საავადმყოფოში შეიუვანეს. ოჯახის ახლობლების თქმით, გოგონა საავადმყოფოში შეყვანის დროს კონტაქტური იყო და მას მხოლოდ მოტეხილობა ჰქონდა. თუმცა, ოპერაციის დროს გოგონას გული გაუჩერდა, რის გამოც პაციენტის ოჯახი ექიმის დასჯას მოითხოვს. ისინი ექიმს დაუდევრობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ოპერაცია არასწორად ჩატარდა. გვასალიების თქმით, 23 წლის სალომე გვასალია 4 ოქტომბერს სენაკში ხიდან ჩამოვარდა, მას მოტეხილობა ქონდა და ის ქუთაისში გადაიყვანეს. ოჯახის თქმით, ექიმებმა უთხრეს, რომ ოპერაცია არ იყო საჩქარო და მას ყველა სათანადო გამოკვლევას ჩაუტარებდნენ. ხერხემლის ოპერაცია 6 ოქტომბერს ჩატარდა, რა დროსაც პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა. როგორც ექიმებმა ოჯახის წევრებს უთხრეს, მას გული გაუჩერდა. ამ დროისთვის პაციენტი კომატოზურ მდგომარეობაშია, ტვინზე შეშუპება აქვს და უკვე მეორე ოპერაციაც ჩაუტარდა. „შემოიყვანეს ოთხ ოქტომბერს, პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები, სიმძიმე შეფასდა საშუალოდ. აღენიშნებოდა ხერხემლის დახურული ტრავმა. შემდგომ გადაწყდა ოპერაციული ჩარევა. გადაყვანილი იქნა საოპერაციოდ, წინასწარ ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები. პაციენტი იყო კონტაქტური, ადეკვატური. ოპერაციის დამთავრებისთანავე აღინიშნა გულის გაჩერება. ჩატარდა შესაბამისი რეანიმაციული ღონისძიებები. გულის მუშაობა აღდგა, მას შემდეგ მდგომარეობა რჩება მძიმე, სახეზეა ჰიპოქსიურ-ანოქსიური დაზიანება. რამ გამოიწვია გულის გაჩერება შესაბამისი სამსახური ადგენს და ექსპერტიზის დასკვნით გახდება ცნობილი და ყველა აიღებს პასუხისმგებლობას თუ გამოიკვეთა”-განაცხადა ექიმმა მამუკა ნემსიწვერიძემ. გვასალიების ოჯახი საქმის გამოძიებას ითხოვენ. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ახალიამბები #სიახლეები #ქუთაისი #kutaisidaily წყარო - primetime.ge