ელენე ხოშტარია და ხატია დეკანოიძე იმყოფებოდნენ ცხინვალის ციხის პატიმრების ოჯახებში

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

„ევროპული საქართველოს" და „ნაციონალური მოძრაობის" წევრები ელენე ხოშტარია და ხატია დეკანოიძე ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ოჯახებს ესტუმრნენ. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში ისინი ზაზა გახელაძის მშობლებს და ცოლს შეხვდნენ. ოჯახის წევრებს ამ დრომდე არ აქვთ ინფორმაცია, როდის მოხდება ზაზა გახელაძის გათავისუფლება. „ამ ხნის განმავლობაში ხელისუფლების წარმომადგენლები გვეუბნეოდნენ, რომ გათავისუფლება მალე მოხერხდებოდა, თუმცა დაპირება დაპირებად დარჩა", - ამბობენ ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები და ახლა იმედს ცხინვალში გასამართ სასამართლო პროცესზე ამყარებენ. ხატია დეკანოიძე და ელენე ხოშტარია მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება საკმარის ნაბიჯებს არ დგამს გატაცებულების გასათავისუფლებლად. ისინი საზოგადოებას მოუწოდებენ, მხარში დაუდგნენ დაკავებულების ოჯახებს, ისე როგორც ეს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის შემთხვევაში მოხდა. ზაზა გახელაძე სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 11 ივლისს ფეხში დაჭრეს და დააკავეს. დაჭრილი ზაზა გახელაძე ჯერ საავადმყოფოში იყო, შემდეგ წინასწარი დაკავების იზოლატორში, ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ კი ცხინვალის ციხეში გადაიყვანეს. მას ბრალს ორი მუხლით უყენებენ - ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა. პოლიტიკოსები დღესვე გორის მუნიციპალიტეტის ზარდიანთკარში, ცხინვალის ციხეში მყოფი მირიან თაზიაშვილის ცოლს, ცისანა თაზიაშვილსაც შეხვდნენ და მისი პრობლემები მოისმინეს. მირიან თაზიაშვილი 20 ნოემბერს სოფლის განაპირას საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს. მას ცხინვალის სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ელენე ხოშტარია და ხატია დეკანოიძე გეგმავენ წითელ ჯვარსაც მიმართონ და ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საჭიროებიბის და ჯანმრთელობის მდგომარეობის გასარკვევად. https://www.radiotavisupleba.ge/a/31000370.html #ახალი_ამბები #twitter