რუსი ჰაკერები ბრიტანულ კლინიკებს თავს საქართველოდან ესხმიან?
Tbilisi Daily
ბრიტანული ტაბლოდური გამოცემა, Daily Mail-ის ინფორმაციით, საქართველოში ბაზირებული, კრემლთან დაკავშირებული ჰაკერთა ჯგუფი თავს დაესხა ლონდონის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებას და ინფორმაცია მოიპარეს.
გამოცემის ინფორმაციით, თავდასხმა განხორციელდა დასავლეთ ლონდონში მდებარე სამედიცინო დაწესებულებაზე, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლაში ჩაბმული ორგანიზაციაა და ინახავს დიდძალ ინფორმაციას კორონავირუსით ინფიცირებული ბრიტანეთის მოქალაქეების შესახებ, ასევე ვაქცინისა და მედიკამენტების კვლევების შესახებ.
გამოცემა წერს, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებელი ჰაკერები კრემლსა და რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებთან არიან დაკავშირებული და საქართველოდან მოქმედებენ. თავდასხმა მარტის თვეში მოხდა.
გამოცემის ინფორმაციით, მოიპარეს ასობით ბრიტანელის კონფიდენციალური ინფორმაცია, მათ შორის, პასპორტების, დაზღვევის ბარათებისა და ვიზის დოკუმენტების სკანირებული ფოტოები, სამედიცინო ისტორიის ჩანაწერები და ჯანმრთელობის კითხვარები.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჰაკერულმა ჯგუფმა, "მეიზი" აიღო და ინფორმაციის სანაცვლოდ 2 მლნ ფუნტი მოითხოვა.