ყოფილი პირველი აფთიაქის შენობის ახალი როლი

Batumi Daily

ყოფილი პირველი აფთიაქის შენობით კვლავ დაინტერესდა ინვესტორი, ამის შესახებ ცნობას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. მემედ აბაშიძის #34 -ში მდებარე ძველი პირველი აფთიაქის შენობა ყველასთვის ცნობილია. ის ევროპის მოედანზე იმით გამოირჩევა, რომ სხვა ძველებური შენობებისგან განსხვავებით, არც გარემონტებულია და არც შეკეთებული - უკვე მერამდენე წელია, შენობა სავალალო მდგომარეობაშია. 2011 წელს შენობის განახლებისა და იქ სასტუმროს მოწყობის ინიციატივა შპს "ჟასმინს" ჰქონდა, თუმცა მაშინ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ ამაზე ნებართვა არ გასცა. იგეგმებოდა 7 და 13 სართულიანი სასტუმროს მოწყობა. კომპანიამ ამჟამადაც მიმართა სააგენტოს იქ სასტუმროს მოწყობის თხოვნით. ამჟამად, სამინისტროს ინფორმაციით, ინვესტორს გარკვეული ვალდებულებები ექნება - მინიმუმ 200 ადამიანი უნდა დაასაქმოს და 50 ნომერიანი სასტუმრო მოაწყოს. წინა მოთხოვნისგან განსხვავებით, ეს მოთხოვნა არ გულისხმობს შენობის მოცულობის გაზრდას. სააგენტოს ინფორმაციით, შენობის ფასადი, სახურავი, მოცულობა - ანუ მის ისტორიულ იერი არ შეიცვლება. იგეგმება ჩუქურთმების აღდგენაც და შენობის პირვანდელი სახის დაბრუნება. #კულტურული_მემკვიდრეობა #პირველი_აფთიაქი #ინვესტორი #განახლება #batumidaily