2021 წლის მოსმენების საქმეზე ევროსასამართლოში საჩივრები გაიგზავნა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
2021 წელს იურისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების შესაძლო უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების საქმეზე ევროსასამართლოში საჩივრები გაიგზავნა. ისინი არასამთავრობო ორგანიზაციებმა, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" და "საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველომ" გუშინ, 28 ივნისს წარადგინეს სტრასბურგში.
საქმე ეხება 2021 წლის აგვისტოსა და სექტემბერში მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, სავარაუდოდ, უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ.
ფაილებში აღწერილია ჟურნალისტების, რელიგიურ ორგანიზაციათა წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტების, დიპლომატებისა და სხვა პირთა კერძო კომუნიკაციისა და პირადი ცხოვრების შესახებ დეტალურად დამუშავებული ინფორმაცია.
საჩივრის ავტორები აღნიშნავენ, რომ გავრცელებულ ფაილებში არსებული ინფორმაციის ავთენტურობა ბევრმა ადამიანმა, მათ შორის, მომჩივნებმაც: დავით ჯანდიერმა, ნატალია ფერაძემ, გიორგი ონიანმა, გიორგი მშვენიერაძემ და გურამ იმნაძემ, დაადასტურეს.
საჩივრებში დავის საგანია ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) და მე-13 მუხლის (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშაულების უფლება) დარღვევა. ასევე, საჩივრებში მოთხოვნილია, რომ წინამდებარე საქმეს ე.წ. ზეგავლენის მქონე საქმის სტატუსი (‘IMPACT CASE’) მიენიჭოს, ხოლო, სასამართლომ დაავალდებულოს სახელმწიფო, სრულად და ჯეროვნად წარუდგინოს საგამოძიებო მასალები.
საჩივრის ავტორები აცხადებენ, რომ მათი მიზანი საქართველოში ფარული მოსმენა-მიყურადების კანონმდებლობის კონვენციურ სტანდარტთან შეუსაბამობის გასაჩივრებაა.
ასევე, მათივე განცხადებით, საჩივრის ერთ-ერთი სადავო საკითხია 2021 წლის პირველ აგვისტოსა და 13 სექტემბრის ფაქტებზე არაეფექტიანი გამოძიება.
მომჩივნების თქმით, ამ დრომდე თბილისის პროკურატურას არ მიუნიჭებია პირებისთვის დაზარალებულის სტატუსი, ხოლო, გენერალური პროკურატურა უმოქმედოა.
"შიდა ინსტანციები რაც გავიარეთ, პროკურატურის, სასამართლოს თვალსაზრისით, აღმოჩნდა არადამაკმაყოფილებელი და ცალსახად არაობიექტური. ქვეყნის არცერთი ინსტანცია ამ საქმეზე არ რეაგირებს. გაყინულია პროცესები, უცნობია, საერთოდ რას აკეთებენ", - ამბობს საია-ს თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი.
გასული წლის 12 სექტემბერს გვიან ღამით, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ წარმოებული ჩანაწერების შესახებ, ზოგიერთმა მედიასაშუალებამ მიიღო ვებსაიტის ბმული - „სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ“. მასში განთავსებული იყო ათასობით ტექსტური, ვიდეო და აუდიოფაილი სასულიერო პირების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების, დიპლომატების და სხვა მოქალაქეების კომუნიკაციის შესახებ.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31920974.html
Source: radiotavisupleba.ge