კორონავირუსის 22 დადასტურებული შემთხვევა ბათუმში
Batumi Daily
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბათუმში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა დადასტურდა, შემთხვევების უმეტესობა ე.წ. დონას კლასტერს უკავშირდება.
ბათუმში საკონდიტრო „დონას“ თანამშრომლის დაინფიცირების შესახებ გუშინ, პირველ სექტემბერს გახდა ცნობილი, საღამოს საათებში კი „დონას“ კიდევ ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა ვირუსი. მათი ინფიცირების წყარო უცნობია.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გუშინ შემთხვევასთან დაკავშირებულ 80-მდე პირს ჩაუტარდა ტესტირება.
გუშინ დილითვე ჯანდაცვის სამინისტრომ მოუწოდა მოქალაქეებს, ვისაც ორი კვირის განმავლობაში შეხება ჰქონდა საკონდიტრო მაღაზიასთან, ბულვარში გაშლილ კარვებში მომუშავე მედიკოსებთან ჩაეტარებინა ტესტირება.
კარვებს ასობით ადამიანმა მიმართა.
უფასო PCR ტესტირებისთვის ბათუმში ორ ადგილზეა კარვები განთავსებული. ერთი კარავი ბათუმის ცენტრალურ ბულვარში, კოლონადების გვერდითაა განთავსებული, მეორე კი ახალ ბულვარში, რესტორან „აჭარული სახლის“ მიმდებარედ. ტესტირება კარვებში 16:00 საათიდან ღამის 10 საათამდეა შესაძლებელი.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბები
#კორონავირუსი
#ვირუსი
#ბათუმი
#დონა
#დონასკლასტერი
#აჭარა
წყარო - batumelebi.ge