თელავში მუსიკალურმა სკოლებმა, ანსამბლებმა და სპორტულმა წრეებმა მუშაობა შეაჩერეს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
თელავის მერიის გადაწყვეტილებით, დღეიდან ქალაქში სპორტულმა წრეებმა, მუსიკალურმა სკოლებმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა მუშაობა შეაჩერეს. საერთო ჯამში ასეთი 30-მდე დაწესებულებაა.
თელავის მერის მოადგილე ფიქრია ყუშიტაშვილმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ გადაწყვეტილება მიიღეს ჯანდაცვის უწყებების მიერ მიღებული რეკომენდაციის საფუძველზე, რაც COVID 19-ის გავრცელების პრევენციას უკავშირდება.
„შესაბამისმა უწყებებმა მოგვცეს რეკომენდაცია, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაგვეკეტა: მუსიკალური სკოლები, ქორეოგრაფიული სტუდიები და სპორტული სექციები. ვადა არ არის განსაზღვრული, ალბათ ვითარების დასტაბილურებამდე ასე იქნება“, - განაცხადა ყუშიტაშვილმა.
კითხვაზე, რატომ მიიღეს მხოლოდ სპორტული და კულტურული წრეების სექციების დახურვის გადაწყვეტილება მაშინ, როცა სკოლები და ბაგა-ბაღები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობა, ყუშიტაშვილი ამბობს, რომ სკოლებსა და ბაღებში ადვილად გასაკონტროლებელია ის თუ რამდენად იცავენ საგანმანათლებლო დაწესებულებები სავალდებულო რეკომენდაციებს.
"ახლაც, როცა თქვენ გესაუბრებით ბაღებს ვამოწმებ. ზოგი სტუდია საცხოვრებელ სახლშია განთავსებული და ძნელია მათი გაკონტროლება იცავენ თუ არა სავალდებულო წესებს, რაც ჯგუფური სწავლებების დროსი არის აუცუიელებელი", - ამბობს ის.
კახეთის რეგიონში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა სულ 115- ია. რეგიონში ყველაზე მეტი 24 შემთხვევა ყვარელშია გამოვლენილი, ყველაზე ნაკლები - 4 კი დედოფლისწყაროში.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30896506.html
#ახალი_ამბები
#twitter
#რეგიონები_
#კორონავირუსი_(covid-19)