ლილოს, დინამოს და სხვა ბაზრობებზე ყურადღება იქნება გასამკაცრებელი, ამბობს ამირან გამყრელიძე

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მთავარია  დროულად ჩაახშონ გარდაბნის მუნიციპალიტეტში „მცირე ეპიდაფეთქება და არ მისცენ ინფექციას გავრცელების საშუალება“. მუნიციპალიტეტში  ბოლო დღეების განმავლობაში  კორონავურუსის 24 შემთხვევა დადასატურდა, ადგილზე მიმდინარეობას მოსახლეობის მასობრივი ტესტირება. მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრებლები აქტიურად გადაადგილდებიან, მათი სამუშაოს გამო, რეგიონის გარეთ და ამ თვალსაზრისით მნიშველოვანი იქნება მათი დასაქმების ადგილების მონიტორინგი. „ეს ადამიანები ძალიან აქტიურები არიან, ისინი მუშაობენ ბაზრობებზე და ამიტომ გასამკაცრებელი იქნება მთელ რიგ, მათ შორის, ლილოს ბაზრობაზე, დინამოს ბაზრობაზე, სხვადასხვა სასურსათო პროდუქტების ბაზრობებზე  ყურადღება. აუცილებელი თერმოსკრინინგი და შესაბამისად, სიმპტომებიანი ადამიანების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და მათი იზოლირება კარანტინში  და სადაც PCR ტესტირებით დადგინდება დადებითი, მათი მკურნალობა“, - განაცხდა ამირან გამყრელიძემ. საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ შეხვედრაზე გარდაბნის საკარანტინე ზონად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება არ მიიღეს. ბოლო დღეებში გარდაბანსა და მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, ყარაჯალარსა და ყარათაკლიაში კორონავირუსით ინფიცირების 20-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა. რამდენიმე შემთხვევაში ინფიცირების პირველწყარო ჯერჯერობით დაუდგენელია. დღეიდან, 21 ივლისიდან ამ სოფლებში გაფართოებული ტესტირება დაიწყო. გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1049-მდე გაიზარდა, კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 3 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 903, გარდაცვლილია 16 ადამიანი.       https://www.radiotavisupleba.ge/a/30739222.html #ახალი_ამბები #twitter