თურქეთში 900-ს გადააჭარბა მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა, ხოლო სირიაში - 380-ს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 912 ადამიანი და დაშავდა 5 385. ამის შესახებ განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა და ქვეყნის მოქალაქეებს ერთიანობისკენ მოუწოდა. ერდოანის თქმით, დაღუპულთა რიცხვი საბოლოო არ არის, რადგან სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება. თურქეთის პერეზიდენტის ინფორმაციით, ანკარას დახმარება შესთავაზა მსოფლიოს 45-მა ქვეყანამ, ასევე, ნატომ და ევროკავშირმა.
დღეს, 6 თებერვალს, გამთენიისას მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარეობდა. თავდაპირველად თურქული მედია საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ მიწისძვრა 7,4 მაგნიტუდის იყო, მოგვიანებით კი დააზუსტეს, რომ - 7,7-ის. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრ სულეიმან სოილუს ინფორმაციით, დაზარალდა 10 ქალაქი, მათ შორის გაზიანთეპი, მალათია, ადანა და დიარბაქირი.
მიწისძვრას მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთის მეზობელ სირიაშიც. ადგილობრივი სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ალეპოში, ჰამაში, ლატაკიასა და ტარტუსში დაიღუპა სულ მცირე 239 ადამიანი და 640-ზე მეტი დაშავდა. ტელეკომპანია CNN-ი ასადის რეჟიმის მოწინააღმდეგე სამოქალაქო თავდაცვის მოძრაობაზე დაყრდნობით წერს, რომ სირიის იმ რაიონებში, რომლებსაც ოპოზიცია აკონტროლებს, დაიღუპა სულ მცირე 147 ადამიანი და 340 დაშავდა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/32257607.html
Source: radiotavisupleba.ge