ბაქრაძე რიკერთან შეხვედრის შემდეგ პარლამენტში შესვლის შესაძლებლობაზე საუბრობს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

"ევროპული საქართველოს" ლიდერი, დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების დარღვევებთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოცა და სახელმწიფო დეპარტამენტიც ინფორმირებულია. ამის შესახებ მან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში თანაშემწესთან, ფილიპ რიკერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. "იმ ნაწილს, რომელიც ეხება არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებს, არანაირი ძალისხმევა არ დაგვჭირებია იმისთვის, რომ დაგვერწმუნებინა. დარღვევებს ეთანხმება აშშ-ის საელჩოც და სახელმწიფო დეპარტამენტიც და ყველა ვენი პარტნიორიც. ამიტომ, დარღვევებთან და ამ დარღვევების სიმძიმესთან დაკავშირებით, პოზიციები არის ერთმანეთთან ძალიან ახლოს", - თქვა ბაქრაძემ. მისი თქმით, იმ დარღვევების ფონზე, რაზეც ოპოზიცია საუბრობს, უნდა გააგრძელონ თუ არა საპარალამენტო საქმიანობა, ამაზე კონსულტაციები გრძელდება. "ამ ტიპის დარღვევები უნდა მივიღოთ თუ არა და უნდა დავეთანხმოთ თუ არა იმ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას, რომელიც გამომდინარეობს ასეთი სიმძიმის დარღვევევებიდან, რა თქმა უნდა, არსებობს განსხვავებული პოზიციები. ამ საკითხზე კონსულტაციებს ჩვენს პარტნიორებთან ვაგრძელებთ და საბოლოო ჯამში, ეს არის ქართული პოლიტიკური სივრცის და მოსახლეობის გადასაწყვეტი, რამდენად მისაღებია გაყალბებული გზით არჩეულ პარლამენტში მონაწილეობა", - დასძინა ბაქრაძემ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს ოპოზიციას, ბრძოლა პარლამენტის შიგნიდან გააგრძელოს და უარი თქვას ბოიკოტზე. სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებმა ეს განცხადება 18 ნოემბერს, თბილისში ჩატარებულ ბრიფინგზე გააკეთეს, რომელსაც უცხოეთის მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, რომელიც შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, კათოლიკოს-პატრიარქს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. მოლოდინის მიუხედავად, ის არ შეხვედრია ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რომლებიც მასთან 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების საკითხზე აპირებდნენ საუბარს. პომპეოს გამგზავრების შემდეგ ოპოზიციურ პარტიებს შეხვდა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ რიკერი. https://www.radiotavisupleba.ge/a/30956899.html #ახალი_ამბები #twitter #არჩევნები_2020