ავსტრიის კანცლერმა ეპიდემიის „მეორე ტალღის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის „მეორე ტალღის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა.
„ის, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, „მეორე ტალღის“ დასაწყისია. დაინფიცირებულთა რაოდენობა ძალიან სწრაფად იზრდება. ორი კვირის წინ ჩვენ დავარეგისტრირეთ დღე-ღამეში 350 ინფიცირებული, გუშინ - 850“, - განაცხადა სებასტიან კურცმა და დასძინა, რომ ეს ციფრი მალე 1000-ს მიაღწევსო.
გაზეთ Die Presse-ს თანახმად ყველაზე სახიფათო ვითარებაა ვენაში, ავსტრიის დედაქალაქზე მოდის კორონავირუსის შემთხვევების 50%-ი. ავსტრიის კანცლერმა მოქალაქეებს მოუწოდა, რომ გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და დაიცვან უსაფრთხოების ზომები, რათა შეაჩერონ ვირუსის გავრცელება.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპული ქვეყნების უმრავლესობაში შეინიშნება კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვის მნიშვნელოვანი ზრდა.
12 სექტემბერს საფრანგეთში ეპიდემიის დაწყებიდან პირველად, დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ დღეში გადაცდა 10 000-ს. კორონავირუსის სწრაფი გავრცელების შესახებ მოქალაქეები გააფრთხილა დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამაც.
მესამე დღეა დაინფიცირებულთა რაოდენობა დღეში 1000-ს აჭარბებს ჩეხეთში. საგრძნობლად მატულობს კორონავირუსის შემთხვევები უნგრეთშიც.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30836387.html
#ახალი_ამბები
#twitter