ქართველი „კანონიერი ქურდი“ სასამართლო დარბაზიდან გაიქცა
Tbilisi Daily
რუსეთში დაკავებული ქართველი „კანონიერი ქურდი“ ლევან აბულაძე ვლადიმირსკის საოლქო სასამართლოს დარბაზიდან გაიქცა.
45 წლის აბულაძეს კრიმინალურ წრეებში ლევან „სოხუმსკის“ სახელით იცნობენ.
ოქტომბერში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ის რუსეთის ფედერაციაში პერსონა ნონ-გრატად გამოცხადდა და ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა სამუდამოდ აეკრძალა. ის არალეგალთა იზოლატორში გადაიყვანეს და რუსეთიდან რამდენიმე დღეში უნდა გაეძევებინათ, თუმცა მოულოდნელად მას კრიმინალური ორგანიზაციის ხელმძღვანელობის მუხლით ახალი ბრალი წარუდგინეს, რაც რუსული კანონმდებლობით 8-დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ამ საქმეზე წინასწარი პატიმრობის ვადის გახანგრძლივების მოთხოვნით პროკურატურამ სასამართლოს გუშინ მიმართა, თუმცა თავად ბრალდებული ბადრაგს პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან გაექცა. თანაც ისე, რომ მის ადგილსამყოფელს ჯერაც ვერ მიაგნეს.
სასამართლოში აბულაძის ადვოკატები მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვდნენ, თუმცა როდესაც ირგვლივ მიმოიხედეს, აღმოაჩინეს, რომ ბრალდებულმა გათავისუფლებაზე თავადვე იზრუნა.
ლევან აბულაძე რუსეთში ცნობილი ციხის – „ვლადიმირსკი ცენტრალის“ ერთადერთი ქართველი პატიმარი არ არის, ვინც სამართალდამცველებს ხელიდან დაუსხტლდა. ნოემბრის დასაწყისში გაქცევა ამავე ციხის პატიმარმა, კრიმინალურმა „ავტორიტეტმა“ 44 წლის მამუკა ჩხაბერიძემაც მოახერხა.