გაეროს უშიშროების საბჭო კორონავირუსთან დაკავშირებით პირველ რეზოლუციას მიიღებს
Tbilisi Daily
დღეს, გაეროს უშიშროების საბჭო კორონავირუსთან დაკავშირებით პირველ რეზოლუციას მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, გაერო ქვეყნებს მოუწოდებს, საომარი მოქმედებები შეწყვიტონ და ძალისხმევა COVID 19-თან ბრძოლის საკითხებზე მიმართონ.
CNN-ის ცნობით, დოკუმენტის მიხედვით, ცეცხლის სულ მცირე 90-დღიანი შეწყვეტა ხელს შეუწყობს ჰუმანიტარული დახმარების უსაფრთხო, შეუზღუდავი და უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფას კორონავირუსის ეპიდემიის დროს.
საგულისხმოა, რომ რეზოლუცია არ ითვალისწინებს ერაყში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოსა“ და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შეწყვეტას. ხმის მიცემის პროცედურა ონლაინ რეჟიმში განხორციელდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.