(ყოფილი) თანაგუნდელების კომენტარები გახარიას გადაწყვეტილების შესახებ
Tbilisi Daily
გიორგი გახარიას გადადგომას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა როგორც საზოგადოებაში, ასევე "ქართული ოცნების" გუნდის წევრებში.
"ქართული ოცნება არის ერთად შეკრული გუნდი, რომელსაც არაფერი არ დაასუსტებს." - ასე შეაფასა ყოფილი პრემიერის გადაწყვეტილება ქართული ოცნების დეპუტატმა, ელისო ბოლქვაძემ.
რაც შეეხება ირაკლი ზარქუას, მან მადლობა გადაუხადა გახარიას და განაცხადა, რომ მისი წასვლა გაუგებარი იყო. "მინდა, პირადად მე, მადლობა ვუთხრა გახარიას - ის იყო გამორჩეული და ღირსეული პრემიერი. მან ძალიან ბევრ გამოწვევას ღირსეულად გაართვა თავი. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ უკეთესი სახელმწიფო გვქონოდა. პირადად ჩემთვის, ისევე როგორც უმრავლესობის წევრებისთვის, ცოტა გაუგებარი იყო და გული დაგვწყვიტა. ის, რომ სამართლიანობა და სამართალი უნდა იყოს ამ ქვეყანაზე, ყველა ვთანხმდებით. განსხვავებული პოზიცია ჰქონდა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვადებთან მიმართებაში" - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ.
"მე როგორც ვიცი, პარტიაც დატოვა (გიორგი გახარიამ). რაც შეეხება სხვა წევრების პოზიციას, იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ერთმანეთშიც არ გვილაპარაკი" - ეს განცხადება კი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა - ნიკოლოზ სამხარაძემ გააკეთა.
ქართული ოცნების წევრი დიმიტრი ხუნდაძე გიორგი გახარიას პოსტიდან გადადგომის შემდეგ ამბობს, რომ გუნდში დაპირისპირება არ არის. "გუნდში დაპირისპირება არ არის. გახარიამ გააკეთა ის, რაც გააკეთა. მერჩივნა, რომ ის ყოფილიყო პრემიერად" - თქვა ხუნდაძემ. მან დაამატა ისიც, რომ გახარიას გადაწყვეტილება "არადროული იყო".
"ქართული ოცნების" დეპუტატი, სოზარ სუბარი ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ დატოვა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თანამდებობა. სუბარის თქმით, თემასთან დაკავშირებით გუნდში მსჯელობა არ ყოფილა.
"გამიჯნვა - არგამიჯნვა არ ვიცი, რატომ გადადგა, ისიც ვერ გავიგე, გულწრფელად რომ გითხრათ, თვითონ რაც თქვა, იმის გარდა. რამე მსჯელობა რომ ყოფილიყო გუნდში, ყოველ შემთხვევაში, მე რომ მიმეღო მონაწილეობა, ისეთი არ ყოფილა და არც მგონია, რომ რამე ყოფილიყო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ყველაზე კარგად იცის, როგორ უნდა მოხდეს პირის წარდგენა სასამართლოში თუ დაკავება. აქ ორი აზრი არ არსებობს და არანაირი პოლიტიკური მდგენელი აქ არ უნდა არსებობდეს" - თქვა სუბარმა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
#GeorgiaDaily #საქართველო #ახალიამბები