ლილოს ბაზრობაზე დაახლოებით 250 დასაქმებულს გამოიკვლევენ

Tbilisi Daily

ლილოს ბაზრობაზე კორონავირუსზე დაახლოებით 250 დასაქმებულს გამოიკვლევენ. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ქრონიკას“ განუცხადა. მისი თქმით, ინფიცირებულთა კონტაქტების კვლევისას გამოვლინდა გარკვეული კავშირი ლილოს ბაზრობასთან“ „გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ლილოს ბაზრობაზე გაფართოებული PCR ტესტირება დაიწყება და ჩვენი ორი ჯგუფი იმუშავებს. ისინი დაახლოებით, 200-დან 250-მდე ადგილობრივ დასაქმებულს გამოიკვლევენ. ეს განპირობებულია იმით, რომ ბოლო დღეებში, ინფიცირებულთა კონტაქტების კვლევისას გამოვლინდა გარკვეული კავშირი ლილოს ბაზრობასთან“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1085 შემთხვევაა აღრიცხული, მათ შორის განკურნებულია 911. ვირუსმა სულ 16 ადამიანი იმსხვერპლა. ბოლო პერიოდში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ, განკურნებულებისას გადააჭარბა, რასაც ბოლო მონაცემებიც ადასტურებს. 23 ივლისს კორონავირუსი 12 ადამიანს დაუდგინდა, მათგან ხუთი შემთხვევა, ინფიცირებულთან კონტაქტია, ორი - გაჩიანის კლასტერიდან, ორი - იმპორტირებული, სამი პაციენტის შემთხვევაში კი , ინფიცირების წყარო ვერ დადგინდა.