გაეროს გენერალური მდივანი მსოფლიოს აფრთხილებს სურსათის დეფიციტის გამო მოსალოდნელი „კატასტროფის“ შესახებ
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა პარასკევს გაფრთხილება გამოთქვა, რომ მსოფლიო "კატასტროფის" წინაშე დგას საკვების მზარდი დეფიციტის გამო მთელს მსოფლიოში.
გუტერეშმა თქვა, რომ უკრაინის ომი დაერთო კლიმატის ცვლილების, კორონავირუსის პანდემიისა და უთანასწორობის გამო გამოწვეულ შეფერხებებს და წარმოიქმნება "უპრეცედენტო გლობალური შიმშილის კრიზისი", რომელიც უკვე ასობით მილიონ ადამიანს შეეხო.
”არსებობს რეალური რისკი იმისა, რომ 2022 წელს მრავალჯერ გამოცხადდეს შიმშილობა”, - თქვა მან ბერლინში შეკრებილი ათობით მდიდარი და განვითარებადი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლებისთვის ვიდეომიმართვაში. „და 2023 შეიძლება კიდევ უფრო უარესი იყოს,“ - დასძინა მან.
გუტერეშმა აღნიშნა, რომ მთელს აზიაში, აფრიკასა და ამერიკაში მოსავალი დაზარალდება, რადგან ფერმერები მთელ მსოფლიოში ებრძვიან სასუქისა და ენერგიის მზარდ ფასებს. „არც ერთი ქვეყანა არ იქნება დაცული ასეთი კატასტროფის სოციალური და ეკონომიკური შედეგებისგან,“ თქვა მან.
გუტერეშის თანახმად, გაერო მოლაპარაკებებს აწარმოებს შეთანხმების გარშემო, რომელიც უკრაინას საშუალებას მისცემს საკვების ექსპორტს, მათ შორის შავი ზღვის გავლით, და რუსეთს კი მიეცეს შესაძლებლობა გაიტანოს მსოფლიო ბაზრებზე შეზღუდვების გარეშე საკვები და სასუქი.
მან ასევე მოწოდება გამოთქვა, ვალები შეუმსუბუქონ ღარიბ ქვეყნებს, რათა შეძლონ მათ თავიანთი ეკონომიკის შენარჩუნება, ხოლო კერძო სექტორს მიმართ, დაეხმაროს გლობალური სურსათის ბაზრების სტაბილიზაციას. ბერლინის შეხვედრის მასპინძელმა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა თქვა, რომ მოსკოვის განცხადება, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო დაწესებული დასავლეთის სანქციების ბრალია საკვების დეფიციტი, „სრულიად დაუსაბუთებელია“.
რუსეთმა მიმდინარე წლის მაისსა და ივნისში იმდენი ხორბალი გაიტანა, რამდენიც 2021 წლის იმავე თვეებში, განაცხადა ბერბოკმა. მან გაიმეორა გუტერეშის ნათქვამი, რომ რამდენიმე ფაქტორი უდევს საფუძვლად მთელ მსოფლიოში მზარდ სასურსათო კრიზისს. ეს იყო რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, რამაც „ტალღა გადააქცია ცუნამად”, - თქვა ბერბოკმა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31913298.html
Source: radiotavisupleba.ge